მამუკა მდინარაძე – როგორც კი ეროვნულობაზე იწყებ საუბარს, ერთ-ერთი პირველი, ვინც გახსენდება, ზვიად გამსახურდიაა
„ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი და პასუხი გაეცეს კითხვას – რა მოხდა სინამდვილეში“, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო ვადები სწორედ ობიექტური რეალობის დასადგენად გაიზარდა. „როგორც კი ეროვნულობაზე იწყებ საუბარს, ერთ-ერთი პირველი, ვინც გახსენდება, ზვიად გამსახურდიაა. ჩვენ, მისი სახელისა და გვარის, მისი პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით, გავზარდეთ საგამოძიებო ვადები, რათა იყოს გაცილებით მეტი შანსი, ერთხელ და სამუდამოდ, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე დადგეს ობიექტური რეალობა, ბოლომდე იქნას ეს საქმე მიყვანილი და გაეცეს პასუხი კითხვას – რა მოხდა სინამდვილეში. ჩემთვის დღეს ძალიან სასიხარულო იყო ჩვენი პარტიის ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან განსაკუთრებული დამოკიდებულების გამოხატვა ზვიად გამსახურდიას მიმართ. ეს არის ჩვენი პარტიის ხელმძღვანელისა და ჩვენი გუნდის თითოეული წევრის დამოკიდებულება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ზვიად გამსახურდიას საქმის დროულად გამოძიებას ითხოვს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებების დღემდე გამოუძიებლობა ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილია.