“არავის საქმეა, რა ხდება სხვა ადამიანის პირადი ცხოვრების პერიპეტიებზე”
“არავის საქმეა, რა ხდება სხვა ადამიანის პირადი ცხოვრების პერიპეტიებზე. ისეთ აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, რაც ადამიანს ფსიქოლოგიურად გაცილებით მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე ორი წამით გამოშვებული კადრი”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საზოგადოებისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არანაირ ინტერესს წარმოადგენს და ისინი არავის დისკრედიტირებას განაპირობებს. ვოლსკიმ, ასევე, აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება დანაშაულია.
„ამ დანაშაულის მიმართ საჭიროა მუშაობა. სამწუხაროდ, ტექნიკური საშუალებები იმის საფუძველს არ იძლევა, რომ უცებ აღმოაჩინონ, მიმწოდებელი ვინ არის. მიმწოდებელი და შემკვეთი იქ უნდა ვეძებოთ, სადაც აწყობთ დაპირისპირების წარმოჩენა, სკანდალური თემის ამოწევა და ხელისუფლების ნაკლებ შესაძლებლობაზე საუბარი, რომ ვერ დაადგინეს, ამდენ ხანს კადრები საიდან მოდის. იქ უნდა ვეძებოთ, ვინც კადრებს იწერდა, ავრცელებდა და ხალხს აშანტაჟებდა.
რაც შეეხება თავად ფაქტსა და ეკა ბესელიას – მისი საქმეა, რა ცხოვრება აქვს. არავის საქმეა, რა ხდება სხვა ადამიანის პირადი ცხოვრების პერიპეტიებზე. ისეთ აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, რაც ადამიანს ფსიქოლოგიურად გაცილებით უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე ორი წამით გამოშვებული კადრი. აჟიოტაჟის შემქმნელებთან მოვიკითხოთ, ვინ უფრო მეტ ზიანს აყენებს კონკრეტულ ადამიანს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.