თამარ ჩუგოშვილი: ბოლო დროს, აშშ-ის დეპარტამენტმა ფაქტობრივი შეცდომების დაშვება ანგარიშებში მოუხშირა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ფულის გათეთრება ხდება. მისივე შეფასებით, ბოლო პერიოდში, დეპარტამენტის ანგარიშებში ფაქტობრივი შეცდომები გახშირდა. „ამ ბოლო დროს, მოუხშირა დეპარტამენტმა ფაქტობრივი შეცდომების დაშვება ანგარიშებში, რაც, უბრალოდ, არ არის სასარგებლო თვითონ იმ საქმისთვის, რომელსაც ერთად ვაკეთებთ. მაგალითად, წერია ისიც, რომ ფულის გათეთრების ნაწილი არის და წერია ისიც, რომ კულტივაცია ლეგალურია ქვეყანაში, რაც ასე არ არის. ყველამ კარგად ვიცით, რომ ნარკოტიკების, მარიხუანის კულტივაცია არ არის ქვეყანაში ლეგალური. ამიტომ, რაღაც ფაქტობრივი შეცდომებიც არის, როგორც ჩანს, მაგრამ, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები ქვეყანაში რომ არსებობს, ამაზე ჩვენ ყველაზე მეტი ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტისგან კი არა, შს მინისტრისგან მოვისმინეთ”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში უკანონო შემოსავლების მთავარ წყაროდ საბანკო თაღლითობა და კიბერდანაშაული სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები