ზესტაფონის მუნიციპალიტეტისა და “ჯორჯიან მანგანეზის” ერთობლივი ინიციატივით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეშა დაურიგდათ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტისა და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ერთობლივი ინიციატივით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეშა დაურიგდათ. ოჯახები, რომლებიც სანიტარიული ინსპექციის ყოფილ შენობაში ცხოვრობენ, საშეშე მერქანი მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნუგზარ ფერაძემ და მერის თანაშემწემ, ოლეგ ჭანკოტაძემ მიუტანეს. სოციალური პროექტის ფარგლებში, სათბობი შეშა 18-მა ოჯახმა მიიღო. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორის, ვასილ გველესიანის ინფორმაციით, “ჯორჯიან მანგანეზმა” სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატიდან 35 კუბური მეტრი შეშა გამოყო. მისივე თქმით, კომპანია მსგავსი ტიპის სოციალურ პროექტებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს.
“ეს ოჯახები ქალაქის მერიას სანიტარიული ინსპექციის ყოფილ შენობაში ჰყავს შესახლებული, სადაც არც თუ ისე სახარბიელო პირობებში იმყოფებიან და ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის შესაძლებლობა ხშირად არ აქვთ. სწორედ ამიტომ, მერიის შუამდგომლობით, მათთვის შეშა გამოვყავით. კომპანია ასეთ პროექტებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს. ვითვალისწინებთ სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობას და, ჩვენი ჭიათურელი მეგობრების დახმარებით, ამ ადამიანებს თითქმის ყოველწლიურად, ვეხმარებით “, – განაცხადა ვასილ გველესიანმა.