ირაკლი კობახიძე: საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა ხაზარაძის ე.წ. მტკიცებულებას, შედეგად მივიღეთ პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი
„საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა ამ ე.წ. მტკიცებულებას, ე.წ. კომპრომატს და ჩვენ შედეგად მივიღეთ პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ საქმეზე გამოქვეყნებული წერილის შესახებ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სასამართლოში წარმოდგენილი წერილის ასლი არასერიოზულია.
“გარკვეული ძალები ცდილობენ ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას. ჩვენი ამოცანა არის და უნდა იყოს, რომ ეს საკითხი დავტოვოთ სამართლებრივ ჩარჩოში. საუბარია მარტივ საქმეზე, რომლის გამოძიებაშიც არიან ჩართულები სამართალდამცავი ორგანოები და ჩვენ მათ უნდა მივცეთ დრო იმისთვის, რომ საქმე სათანადოდ იყოს გამოძიებული. რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტში ამ საკითხის განხილვას, ეს არის არასწორი. ჩვენ სამართლებრივ ჩარჩოში უნდა განვიხილოთ ეს საკითხი.
თქვენ იცით, რომ საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა ამ ე.წ. მტკიცებულებას, ე.წ. კომპრომატს და ჩვენ შედეგად მივიღეთ პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი, რაც რბილად რომ ვთქვათ, არის არასერიოზული. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ტოვებს არასერიოზულ შთაბეჭდილებას და გარკვეული ძალები ცდილობენ პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ ის საქმე, რომელიც წმინდად სამართლებრივია. ვერც პოლიტიკა და ვერც ბიზნესი ვერ იქნება ინდულგენცია ვერავისთვის, თუ არის სამართალი დარღვეული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამობეჭდოს ფურცელზე ტექსტი და გამოაქვეყნოს. არასერიოზულია როგორც ფაქტი, ასევე შინაარსი ამ წერილის, მათ შორის ის, რომ თურმე “არტარეას” სთხოვდა ვიღაც მაღალი ობიექტურობის დაცვას. როცა 20-პუნქტიან ე.წ. წერილს აქვეყნებ, ბუნებრივია, ერთი პუნქტი მაინც უნდა დაამთხვიო სინამდვილეს და ეს შეგიძლია შენ პოსტ-ფაქტუმ გააკეთო. 20-დან ერთს თუ დაამთხვევ, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ეს ფურცელი არის არასერიოზული”,- განაცხადა კობახიძემ.