“სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის”
ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, თვალს ვადევნებთ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებთან დაკავშირებულ საქმეს, სადაც პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება დიდი ოდენობით ფინანსურ ტრანზაქციებს ეხება, რომლის კანონიერებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
რაც შეეხება, უშუალოდ, ანაკლიის პროექტს, თალაკვაძის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.
“ვინაიდან, ანაკლიის პორტის საკითხი მოჰყავს ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მხარეს და მუდმივი საუბარია, ხომ არ უკავშირდება ეს საქმე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხს, მინდა, ხაზგასმით და პირდაპირ განვაცხადო, ეს არის სახელმწიფოს ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებისთვის სახელმწიფო აკეთებდა და გააკეთებს ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რა განწყობები და კერძო ინტერესები შეიძლება, ჰქონდეს სხვადასხვა პირს ამ პროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, სახელმწიფო ყოველთვის დაიცავს საბანკო სექტორის და მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი და სისტემური ბანკის კანონიერ ინტერესებს, როგორიც „თიბისი ბანკია“.
მისი თქმით, პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა სწორი არ არის.
„დაველოდოთ საქმის სრულყოფილი შესწავლისა და გამოძიების შედეგებს, ნურავინ ეცდება ამ პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას“, – აღნიშნა თალაკვაძემ.