“თუ მამუკა ხაზარაძე შუამავალსაც არ ასახელებს და სასამართლოში მხოლოდ ნაბეჭდი ფურცელი მიაქვს, დასკვნები ვინ ან როგორ უნდა გამოიტანოს”

„თუ მამუკა ხაზარაძე შუამავალსაც არ ასახელებს და სასამართლოში მხოლოდ ნაბეჭდი ფურცელი მიაქვს, დასკვნები ვინ ან როგორ უნდა გამოიტანოს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძე უსაფუძვლოდ მიიჩნევს ოპოზიციის მოთხოვნას, პარლამენტში შს მინისტრის დაბარების თაობაზე, რადგან მისივე თქმით, ფურცელზე, სადაც „რაღაც“ წერია, უამრავ კითხვას ბადებს.
„შეფასებისგანაც კი თავი შევიკავოთ და ვთქვათ, ხელში რა გვაქვს, ეს პასუხი იქნება ყველაფერზე. ხელში გვაქვს ფურცელი, რომელზეც რაღაც არის დაბეჭდილი და ჩნდება კითხვები, ამისთვის შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში უნდა დავიბაროთ თუ არა. როდესაც დამატებით არგუმენტად შუამავალი მოგვყავს, მას აქვს ვალდებულება, გამოძიებას სრულყოფილი ჩვენება მისცეს და ინფორმაცია მიაწოდოს. თუ მამუკა ხაზარაძე შუამავალსაც არ ასახელებს და სასამართლოში მხოლოდ ნაბეჭდი ფურცელი მიაქვს, დასკვნები ვინ ან როგორ უნდა გამოიტანოს. თუკი რამე სხვა მონაცემი იქნება, შეიძლება სხვაგვარად ვისაუბროთ. დღეს ჩვენ რაც ხელში გვაქვს, არაფერი სერიოზულის საფუძველს არ იძლევა, ეს ფაქტია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გენერალურმა პროკურატურამ დღეს „თი-ბი-სი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები