პროკურატურა: მამუკა ხაზარაძემ წარმოადგინა პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები
მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, – ამის შესახებ დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.
ამასთან, როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძემ არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც მას ეს წერილი გადასცა. “მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა და სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც მას ეს ე.წ. წერილი, მისი სიტყვების თანახმად, გადასცა. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, გამოძიება, ამ ეტაპზე, მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას, რადგან ვერც დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენის მიზნით, მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო.მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურა აქვეყნებს სასამართლოში მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ ე.წ. დოკუმენტს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ხაზარაძემ სრულყოფილად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან”, – აცხადებენ პროკურატურაში.