შს მინისტრი მამუკა ხაზარაძეს – ყველას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზეც (ვიდეო)

„მე წერილებს არ ვწერ“, – ასე უპასუხა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ „თი-ბი-სი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის დღევანდელ ბრალდებას, რომელიც მან პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე გაახმაურა. შს მინისტრმა მარნეულში ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ბიზნესთან შანტაჟის ენით საუბარი უნდა დასრულდეს.

„ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვებით. მე წერილებს არ ვწერ. მე საქმეს პირდაპირ ვაკეთებ და ვეუბნები პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში შანტაჟის ენით საუბარი, საერთოდ საჯარო პოლიტიკიდან უნდა გაქრეს. მიუხედავად ამ შანტაჟის ენით საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზეც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისათვის, დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც „თიბისი ბანკის“ საქმის ირგვლივ დეპუტატების კითხვებს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პასუხობდნენ, მამუკა ხაზარაძემ შს მინისტრის მიმართ ბრალდება გაახმაურა. ხაზარაძის განცხადებით, მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე შს მინისტრისგან მუქარის წერილი მიიღო. “არჩევნების მეორე ტურის წინ, მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე – ეს წერილი მე მაქვს. ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ. წერილი იყო მოწერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. მე მინდა, რომ არ აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს იყო მუქარის შემცველი წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები