საქართველოს პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) მონაწილეობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის 12 სამხედრო მოსამსახურე ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებითა და მედლებით „მხედრული მამაცობისთვის“ დააჯილდოვა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, თავდადებისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ 36 სამხედრო პირი დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდოები გიორგი მარგველაშვილმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს პირადად გადასცა.
ქვეყნის პირველმა პირმა შეკრებილ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ სწორედ მათი გმირობისა და სიცოცხლის ფასად გვაქვს ამ უმნიშვნელოვანესი დღის აღნიშვნის შესაძლებლობა. მისი თქმით, ქართველი ჯარისკაცების თავდადება არის ქვეყნის მომავალი სიძლიერის, ერთიანობისა და გამარჯვების საწინდარი. საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი სამხედროების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. დაჯილდოების ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და თავდაცვის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.