ოთარ ანგურიძე „თიბისის საქმეზე“ – როგორც ჩანს, საქმე გვაქვს კარგად ორგანიზებულ თაღლითურ სქემასთან, რომელშიც მონაწილეობდა ავთო წერეთელი თავისი კომპანიებით და ხაზარაძე მისი გუნდის წევრებით
რა პროგნოზი აქვთ ექსპერტებს „თიბისი“ ბანკის საქმესთან დაკავშირებით. ინტერვიუ თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძესთან
ბატონო ოთარ, თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე?
როგორც ჩანს, საქმე გვაქვს კარგად ორგანიზებულ თაღლითურ სქემასთან, რომელშიც მონაწილეობდა ავთო წერეთელი თავისი კომპანიებით და მეორე მხრივ, ხაზარაძე მისი გუნდის წევრებით. როგორც პროკურატუარამ განაცხადა, ავთო წერეთელმა 17 მლნ აშშ დოლარი ისესხა „თიბისი“ ბანკიდან და იმავე დღეს მამუკა ხაზარაძეს მისცა ასევე სესხის სახით. შეუძლებელია, ადამიანმა ისესხოს 17 მლნ აშშ დოლარი საბრუნავი საშუალებებისათვის, ამისთვის ჩადოს საბანკო გირავნობაში საკუთარი ქონება და იმავე დღეს, უცებ, როგორც კი სესხი დაუჯდება ანგარიშზე აღმოაჩინოს, რომ თურმე მას ეს თანხა აღარ სჭირდება და სხვას გადასცეს. რა არის ეს, თუ არა წინასწარ შეთანხმებული გეგმა, რასაც შემდეგ მოყვა სესხის გადაცემა ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიაზე, რომელიც ასევე ხაზარაძესთან არის დაკავშირებული და გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ სესხის ჩამოწერა ისე, რომ არც ერთ მათგანს სესხის მომსახურების გადახდა დაწყებულიც კი არ ჰქონდა და ყოველგვარი პრობლემის გარეშე თიბისიმ წერეთლის აქტივებს მოუხსნა გირავნობა.
ხომ არ იმოქმედებს ეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე?
პირიქით, საქმე ძალიან რეზონანსულია და ამ სქემასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს დიდი დაკვირვებით ადევნებენ თვალს საერთაშორისო ორგანიზაციები. მოგეხსენებათ „თიბისი“ ბანკის აქციების თითქმის 80%-ს ფლობენ საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ ინტერესშიც შედის საქმის ობიექტური დასასრული. საქმე იმაშია, რომ თუ ხელისუფლება დროულად არ გამოიძიებს და არ დასჯის დამნაშავეებს ეს უფრო იმოქმედებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციაზე, რადგან საბანკო მაქინაციები საერთაშორისო არენაზე არ წარმოადგენს სიახლეს და შესაბამისად არც თიბისის შემთხვევა არ იქნება ვინმესთვის გასაკვირი. მთავარია გამოძიებამ სწრაფად დაადგინოს დამნაშავე პირები და მიეცნენ პასუხისგებაში.
რამდენად სწორად იქცევა ეროვნული ბანკი?
შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზეა და ამ მძიმე შემოტევას საკმაოდ კარგად უმკლავდება. დაწყებული პირველი ნაბიჯებით, რომ დაადგინა ეს სქემა და დამთავრებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პარლამენტში მისვლით. ვფიქრობ, რომ რაც გაკეთდა, იმაზე მეტი კომენტარები მარეგულირებლის მხრიდან მსგავსი ტიპის საკითხებზე არ უნდა კეთდებოდეს, რადგან მისი ვალდებულებაა უზრუნველყოს საფინანსო სექტორის მდგრადობა და თუ მისი კომენტარები იქნება დეტალიზებული, შესაძლოა საფრთხე მიადგეს არამხოლოდ კონკრეტული ბანკის საქმიანობას, არამდედ მთლიანად საქართველოს საბანკო სექტორს. საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.
ხაზარაძე ამბობს რომ მას პოლიტიკურად დევნიან. თქვენ რას იტყვით?
პოლიტიკურის რა მოგახსენოთ, მაგრამ სამართლებრივად ნამდვილად დევნიან. ბუნებრივია, შეწუხებული იქნება, რადგან არ არის მარტივი რამდენიმე მილიონიან ხელფასს შეჩვეული კაცი უცბად მოხსნან დაკავებული თანამდებობიდან. მათ შორის, თუ დამტკიცდება მისი ბრალეულობა საკმაოდ შეირყევა მისი საერთაშორისო რეპუტაცია და საეჭვოა რომ ფინანსურ საკითხებში მომავალში ვინმემ კიდევ ითანამშრომლოს მასთან, მათ შორის სავსებით შესაძლოა ანაკლიის პორტის შემთხვევაშიც მისი ამერიკელმა პარტნიორებმა უარი თქვან მასთან საქმიან ურთიერთობაზე. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა აცნობირებებს ბატონი მამუკა და ბუნებრივია რომ ის ამ ყველაფერზე ღელავს.