რომან გოცირიძე: თუ „თიბისი ბანკის“ საქმეზე გამოძიება დროში გაჭიანურდება, ანაკლიის პროექტს სერიოზული საფრთხე შეექმნება
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიება დროში გაჭიანურდება და „ფულის გათეთრებასთან“ დაკავშირებული კითხვები არ მოიხსნება, ანაკლიის პროექტს სერიოზული საფრთხე შეექმნება.
შესაბამისი კომენტარი გოცირიძემ „კვირასთან“ საუბრისას გააკეთა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ბანკთან დაკავშირებით საქმე „შეკერილია“.
„ეს არის “შეკერილი საქმე”, იმ დარღვევას, რაც მოხდა, არავითარი კავშირი „ფულის გათეთრებასთან“ არ აქვს, პროკურატურამ სისხლის სამართლის უმძიმესი მუხლით დაიწყო გამოძიება, ხოლო ეროვნული ბანკის ვერდიქტი არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ეს არ არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული თუ დაუმტკიცდათ და ეს ისჯება ჯარიმით ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შეზღუდვით, სწორედ ასეთი სანქცია გამოიყენა ეროვნულმა ბანკმა. ფაქტია, რომ ეროვნულმა ბანკმა და პროკურატურამ განსხვავებულად შეაფასეს არსებული ვითარება. პროკურატურა ამ მუხლს იმისათვის იყენებს, რომ ხელისუფლებამ დასახულ მიზანს მაქსიმალურად მიაღწიოს. ერთ მიზანს უკვე მიაღწიეს – ბანკს მისი მთავარი აქციონერი ჩამოაცილეს, ამას ანაკლიის პროექტი მოსდევს და „ფულის გათეთრების“ მუხლი სწორედ გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ანაკლიის პროექტის ინვესტორებს შორს დაეჭირათ თავი ამ პროექტისაგან. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, ანაკლიის პროექტი რომ დაზარალდა ფაქტია.
გამოძიების გაჭიანურების საკითხი იმას ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება საერთოდ ანაკლიის პროექტი, ვინაიდან მაის-ივნისის თვეში უნდა გამოყოფილიყო თანხა. თუ დაუყონებლივ არ გაირკვა ხელოვნურად მოგონილი „ფულის გათეთრების“ საკითხი და კითხვები თუ არ მოიხსნა, ანაკლიის პროექტი გაჩერდება. თუ ეს არის ვიღაცის მიზანი, მათ თავის დროზე მკაცრ პასუხს გასცემს ხალხი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.