თემურ შაშიაშვილი: ლიეჟში გაბოროტებული სააკაშვილი ვნახე

პოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ლიეჟში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
„ის, რაც ლიეჟში ვნახე, ეს იყო დისკრედიტაცია იმისა, რასაც ჰქვია ქართველთა მსოფლიო კრება, რასაც ჰქვია ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და მეგობართა კონგრესი. მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანა სიყალბეში ცხოვრობს, რაც უფრო მეტად ყალბია პოლიტიკოსი, მით უფრო მეტად ხმაურობს და ატყუებს ხალხს. დღეს ისეთ მდგომარეობაში ვართ, როცა ქვეყანას პოლიტიკური მაფია მართავს. ოპოზიცია და პოზიცია, ორივე ერთად ქმნის პოლიტიკურ მაფიას. ამ სიყალბიდან გამოსვლაა მთავარი დღეს.
რაც ლიეჟში ვნახე, მე რომ პოლიტიკოსი ვიყო და ისე შემხვდნენ, ისე ტაში მიკრან, როგორც სააკაშვილს შეხვდნენ, ეს არის დამონება ხალხის, მე უარს ვიტყოდი ამაზე. ხალხს ვეტყოდი, გამოდით ამ მდგომარეობიდან, ტაშმა დაღუპა ეს ქვეყანა. სააკაშვილი ვინ არის, რომ 15 წუთი ტაშს უკრავდეს დარბაზი?
ლიეჟში ვნახე არა მარტო ის სააკაშვილი, რომელზეც 1997 წლიდან ვამბობდი, რომ არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიშია, არამედ უკვე ვნახე გაბოროტებული სააკაშვილი“, – განაცხადა შაშიაშვილმა.
ცნობისთვის, 10 თებერვალს, ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდებოდა, შეხვედრის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა.
ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება აგენტი პროვოკატორების მიერ დაიგეგმა, რომელთაც შეხვედრის ჩაშლის მცდელობა ჰქონდათ. მათივე ინფორმაციით, აგრესიული ადამიანების ჯგუფი სხდომათა დარბაზში შესვლას ცდილობდა.
ტელეკომპანიის ცნობით, პროვოკატორებმა დარბაზში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ხოლო ერთ-ერთი პირი მიხეილ სააკაშვილის მიმართ წყლით სავსე ბოთლის სროლას ცდილობდა.
ლიეჟის კონგრესის სასახლის წინ, გაშლილი იყო მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო პლაკატები.
ამავე ინციდენტთან დაკავშირებით, ინფორმაცია „საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც“ გაავრცელა. მათი ცნობით, ემიგრანტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დარბაზში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს. დაშავებული იყო რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც თვალებში წიწაკის სპრეი შეასხეს.
ლიეჟში, კონგრესების სასახლეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროსაც მცირე ინციდენტი მოხდა.
დარბაზში თემურ შაშიაშვილი შევიდა, თუმცა სააკაშვილის მხარდამჭერებმა შაშიაშვილი დარბაზიდან გაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები