„მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატზე მივიღებთ ინფორმაციას, დაკავშირებულია, თუ არა ის უკანონო გადაწყვეტილებების მიღებასთან“

 

მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატზე დეპუტატები მივიღებთ ინფორმაციას, დაკავშირებული არის, თუ არა ეს ადამიანი უკანონო გადაწყვეტილებების მიღებასთან, თუ პირიქით, მისი რეპუტაცია საკმაოდ კარგია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზაზა ხუციშვილმა სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა. დეპუტატმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებზეც მმართველი გუნდი შეთანხმდა.
„პროცესები იცით როგორც დაიწყო. სანამ დეკემბრის ბოლოს არ შემოვიდა უზენაეს სასამართლოში დასანიშნი კანდიდატების სია, იქამდე ასეთი შეფასებები, თითქოს, სასამართლოში რაიმე განსაკუთრებული ხდება, რეალურად ჩვენ არ მოგვისმენია. ამ სიამ უმრავლესობისთვის დისკომფორტი შექმნა. ბევრმა ადამიანმა უმრავლესობის შეხვედრაზე გამოთქვა სერიოზული პროტესტი პიროვნული ფაქტორებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მეტწილად საკუთარი კანდიდატები წარადგინეს. პარლამენტს არ ჰქონდა ბერკეტები, რომ ეს სია არ განეხილა. შემდეგ მოხდა ისე, რომ მათ აცილება მისცეს საკუთარ კანდიდატებს, რამაც გარკვეულწილად განმუხტა ეს არასასურველი სიტუაცია.
ამის შემდეგ, 3 შეხვედრა გვქონდა უმრავლესობის ფორმატში ამ საკითხზე. შევთანხმდით რამდენიმე საკითხზე. პირველი, რომ ვრჩებით კონსტიტუციურ ფარგლებში და არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს არ მივიღებთ, მეორე – სასწრაფო წესით ვიწყებთ სისტემის გაჯანსაღებას, რათა საზოგადოების ნდობით აღჭურვილი სასამართლო სისტემა გვქონდეს. რისთვისაც საჭიროა ე.წ. მეოთხე ტალღა. უკვე დაანონსებულია, რომ გაზაფხულის სესიის ბოლომდე საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ამას, იქნება შემუშავებული და გამოტანილი სესიებზე. გარდა ამისა, მიდის სერიოზული მუშაობა კრიტერიუმებზე, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი. ამასთან, არის მოსაზრება, რომ გაფართოვდეს ის ველი, საიდანც იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს კანდიდატებს. ასევე, აუცილებელია, იუსტიციის უმაღლესი სკოლა დაიხვეწოს და ახალი კადრები წამოვიდეს, რომ სულ ერთ საძიებო ველში არ იყვნენ შერჩეული კანდიდატები. ეს არის ის კომპლექსური მიდგომა, რომელზეც ვფიქრობთ, რომ შედეგს მოიტანს.
გარდა ამისა, რაც შეეხება პიროვნულად ამა თუ იმ კანდიდატის განხილვას, შევთანხმდით, რომ არავითარი მითითება არ იქნება ამ კანდიდატებისთვის რაღაცა გუნდური გადაწყვეტილების მიღებაზე. თითოეული კანდიდატი გამოვა კომიტეტებზე, კომიტეტს დაესწრება ყველა დაინტერესებული მხარე, არასამთავრობო იქნება თუ სხვა ორგანიზაციები, თითოეულ კანდიდატზე დეპუტატები მივიღებთ ინფორმაციას – დაკავშირებული არის, თუ არა ეს ადამიანი უკანონო გადაწყვეტილებების მიღებასთან, თუ პირიქით, მისი რეპუტაცია საკმაოდ კარგია. ამის შემდეგ, ბევრად უფრო ინფორმირებულ გადაწყვეტილებას მივიღებთ თითოეული დეპუტატი. გარწმუნებთ, რომ ეს გადაწყვეტილებები იქნება საკუთარი სინდისის, ინფორმირებულობის, კანდიდატის ბიოგრაფიის, მისი დადებითი, უარყოფითი მხარეების განხილვის და ამ კომპლექსური ინფორმაციის მიღების შემდეგ. თითოეული დეპუტატი მიიღებს თავის საკუთარ გადაწყვეტილებას, ზოგის კანდიდატურა ჩავარდება, ზოგი კი მიიღებს მხარდაჭერას პარლამენტისგან“, – განაცხადა ხუციშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები