რევაზ არველაძე უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს
დეპუტატი რევაზ არველაძე აცხადებს, რომ ის არც საპარლამენტო უმრავლესობის და არც ფრაქცია “ქართული ოცნების” დატოვებას არ აპირებს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
რაც შეეხება ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას, არველაძე აცხადებს, რომ ბესელიას უმრავლესობიდან გასვლა არ ნიშნავს, რომ ის უმრავლესობას რამით ჯიბრში ჩაუდგება.
„ეკა ბესელიას უმრავლესობიდან გასვლა არ ნიშნავს, რომ ის უმრავლესობას რამით ჯიბრში ჩაუდგება. მას ჰქონდა ერთი პოზიცია, რაც მოსამართლეების არჩევასთან იყო დაკაშირებული და ამის გამო გავიდა, მაგრამ სხვა საკითხებზე, რომელშიც თანხვედრა იქნება, რატომ არ შეიძლება მასთან თანამშრომლობა?! მე 2017 წლის იანვრიდან, როდესაც საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაიწყო და კონსტიტუციაში უვადოდ დანიშნვა იწერებოდა, იქიდანვე წინააღმდეგი ვიყავი, რომ მოსამართლეები დანიშნულიყო უვადოდ. მე ამ პოზიციაზე ახლაც ვრჩები, თუმცა როდესაც უმრავლესობა რაღაცას გადაწყვეტს, შენ ან უნდა დაეთანხმო ან როგორც გააკეთეს, გახვიდე უმრავლესობიდან“, – განაცხადა რევაზ არველაძემ.