არჩილ თალაკვაძე: ხაზარაძეს და ჯაფარიძეს აქვთ შესაძლებლობა, საფინანსო კომიტეტის ფორმატში ის საკითხები განიხილონ, რომლებიც სურთ

„ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს აქვთ შესაძლებლობა, რომ საფინანსო კომიტეტის ფორმატში ჰქონდეთ იმ საკითხების განხილვა, რომელიც სურთ. ამისთვის პარლამენტი მზად არის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განმარტება “თი-ბი-სი ბანკთან” დაკავშირებული საკითხის საკომიტეტო განხილვის მიზანშეუწონლობაზე, გასათვალისწინებელია.
„ის კითხვები, რომელიც ექნებოდა ოპოზიციას და ეროვნული ბანკის მხრიდან მათზე შესაძლო პასუხები, შესაძლოა, შეიცავდეს კომერციულ საიდუმლოებას, შეიძლება შეიცავდეს სენსიტიურ ინფორმაციას, ან ისეთ სტრატეგიულ ინფორმაციას, რომლის გაჟღერებაც ღია ფორმატში, ასეთი ტიპის დისკუსიაში შესაძლოა, დამაზიანებელი აღმოჩნდეს კერძო ბანკისთვის. ეს არგუმენტი წარმოადგინა ეროვნულმა ბანკმა. ჩვენ მსჯელობა გვქონდა როგორც გუნდში, ისე ოპოზიციასთან და ვფიქრობთ, რომ ეს ისეთი არგუმენტია, რომელიც გათვალისწინებას მოითხოვს. აქვე მინდა ვთქვა, რომ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს აქვთ შესაძლებლობა, რომ საფინანსო კომიტეტის ფორმატში ჰქონდეთ იმ საკითხების განხილვა, რომელიც სურთ. ამისთვის პარლამენტი მზად არის”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები