ბადრი ჯაფარიძე: იმ ტრანზაქციებს, რომელზეც არის საუბარი, არანაირი კავშირი არ აქვს და ვერ ექნება ფულის გათეთრებასთან
„ფულის გათეთრების შესახებ საქმის აღძვრის თაობაზე პროკურატურის განცხადებამ არა მხოლოდ კონკრეტულ ინსტიტუტს, არამედ ქვეყანასაც დიდი ზიანი მიაყენა“, – ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ჩაშლის შემდეგ განუცხადა.
ბადრი ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ „თი-ბი-სი ბანკის“ გარშემო მიმდინარე პროცესი მალე დასრულდება, რათა ბიზნესმა თავისი საქმიანობა ყოველგვარი შეფერხების გარეშე გააგრძელოს.
„მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რასაც მამუკა ხაზარაძემაც გაუსვა ხაზი. ფულის გათეთრების შესახებ საქმის აღძვრის თაობაზე პროკურატურის განცხადებამ არა მხოლოდ კონკრეტულ ინსტიტუტს, არამედ მთელ ქვეყანასაც დიდი ზიანი მიაყენა. იმ ტრანზაქციებს, რომელზეც არის საუბარი, არანაირი კავშირი არ აქვს და ვერ ექნება ფულის გათეთრებასთან, თუმცა, ჩვენ პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ამიტომ შეგვიძლია მხოლოდ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, დავეთანხმოთ სახელმწიფო ინსტიტუტის ამა თუ იმ განცხადებას. ჩვენ გვაქვს მოქალაქეობრივი უფლება, არ დავეთანხმოთ, მაგრამ ასეთი ტიპის განცხადებები ზიანს აყენებს ქვეყანას, მით უმეტეს, რომ ამ განცხადების უკან არანაირი საფუძველი არ არის. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება, რათა ბიზნესმა გააგრძელოს თავისი საქმიანობა ყოველგვარი შეფერხების გარეშე და ჩვენ მიერ დაწყებული ყველა პროექტი გაგრძელდეს შეუფერხებლად. ასეთი ტიპის განცხადებები აფერხებს ინვესტიციების მოზიდვას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.