მამუკა ხაზარაძე: ჩვენ ვართ ბიზნესმენები და პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის ტრიბუნა არ გვჭირდება
„ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ბიზნესმენები და არანაირი პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის არანაირი ტრიბუნა არ გვჭირდება“, – ამის შესახებ „თი-ბი-სი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში მას შემდეგ განაცხადა, როდესაც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა ჩაიშალა.
მისი თქმით, ისინი პარლამენტში სიმართლის სათქმელად მივიდნენ.
„როგორც იცით, ჩვენ მივიღეთ მოწვევა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე. ეს მოწვევა იყო როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის მხრიდან. გარწმუნებთ, ეს რომ არ ყოფილიყო ერთობლივი მოწვევა, ჩვენ მოვერიდებოდით, რამეთუ ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ბიზნესმენები და არანაირი პოლიტიკური აჟიოტაჟისთვიას არ გვჭირდება არანაირი ტრიბუნა. ჩვენ მოვედით, რათა გვეთქვა სიმართლე, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად გავაჟღერეთ განცხადებების სახით. სამწუხაროდ, ხდება ურცხვი ტირაჟირება, ე.წ. ბოტებით და „ფეიქნიუსებით“ შემოტევა, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ პარლამენტი შეიძლებოდა ყოფილიყო ადგილი, სადაც ქართველ ხალხს და საზოგადოებას, დეპუტატებს მივაწვდიდით იმ ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს ხელთ არის და ამ ისტორიას ახლავს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ სხდომა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უსმენდნენ და „თი-ბი-სი ბანკის“ საკითხზე მსჯელობა უნდა გამართულიყო, დასრულებულად გამოაცხადა. „ამ დიალოგში შესვლა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს“,- აღნიშნა რომან კაკულიამ.