მამუკა ბახტაძე: 2020 წლისთვის ყველა სამხედრო მოსამსახურე საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, 2020 წლისთვის ყველა სამხედრო მოსამსახურე გორსა და თბილისში ბინებით დაკმაყოფილდება. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისში ორი ახალი კორპუსის მშენებლობა იწყება და მომავალ წელს ბინა 480-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა.
„2019 წლის ბიუჯეტში, რომელიც გასულ წელს განვიხილეთ, ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გავაკეთეთ სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის საკითხზე. 2020 წლისთვის ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომლის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე აქვს ვალდებულება, დაკმაყოფილდება ბინებით როგორც გორში, ისე თბილისში.
გორში უკვე მიმდინარეობს საცხოვრებელი ბინების რემონტი და წლის ბოლომდე ბინას, დაახლოებით, 180 სამხედრო მოსამსახურის ოჯახი მიიღებს. ამასთან, თბილისში ვიწყებთ ორი ახალი კორპუსის მშენებლობას და მომავალ წელს 480-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადავცემთ ბინებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 1 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა დაკმაყოფილებული.