ამირან სალუქვაძე NDI-ს კვლევაზე: მოსახლეობა სამართალდამცავი სტრუქტურების საქმიანობის შეფასების ყველაზე კარგი ინდიკატორია
მოსახლეობა სამართალდამცავი სტრუქტურების საქმიანობის შეფასების ყველაზე კარგი ინდიკატორია, – ასე აფასებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 67% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს.
როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, ის თავადაც მიესალმება უწყების მიერ უკვე განხორციელებულ თუ დაგეგმილ რეფორმებს.
“მოსახლეობა ყველაზე კარგი ინდიკატორია სამართალდამცავი სტრუქტურების საქმიანობის შეფასებისა, რადგან ნაკლებად არიან პოლიტიზებული ამ კუთხით: როგორც წესი, ან გრძნობენ პოლიციის მუშაობას ან ვერ გრძნობენ. მეორეს მხრივ, იმ რეფორმებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო, შევაფასებდი, როგორც სისტემურ და ძირეულ ცვლილებებს, რადგან რამდენიმე მიმართულებით მიდის ეს ცვლილებები. ეს რეალური რეფორმებია და არა ისეთი, როგორსაც ვართ ხოლმე მიჩვეული, ანუ რეფორმები რეფორმებისთვის. რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება: ყურადღებას გავამახვილებდი საგამოძიებო და ოპერატიული სტრუქტურების გაყოფაზე, მე მივესალმები ამას რადგან, ფაქტობრივად, საგამოძიებო სამსახური აღარ არსებობდა შსს-ში, აღრეული იყო ყველაფერი საგამოძიებოსა და ოპერატიულ საქმიანობას შორის და ხდება ამ ფუნქციების გამიჯვნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ამას ნებისმიერი სპეციალისტი დაადასტურებს, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი. ასევე მნიშვნელოვანია, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შემოღება, რადგან ძველი ცვლილებების გამო, მაშინდელ ე.წ. უბნის ინსპექტორს ჩამოკიდებული ჰქონდა ასევე საგამოძიებო საქმიანობა, რაც არასწორი იყო… რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, პატრულის საქმიანობა ბოლო პერიოდში საკმაოდ ეფექტურია. NDI-ის კვლევების ზოგს სჯერა, ზოგს – არა, მაგრამ ჩემი აზრით, პოლიციის საქმიანობის შელამაზება არავის არ აწყობს და დიდი ალბათობით, ეს მაჩვენებელი რეალურია. ყოველ შემთხვევაში, რომც არ ყოფილიყო ეს კვლევები, მე იმ პოზიციაზე დავრჩებოდი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი რეფორმები, მისასალმებელია და მისაყვანია ბოლომდე, თუ გვინდა ჩვენ, რომ პოლიციამ ხარისხიანად იმუშაოს”, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს:
კერძოდ, კითხვაზე – როგორ შეაფასებდით საქართველოს პოლიციის საქმიაობას, 60 პროცენტი პასუხობს, რომ „კარგად“, 7 პროცენტი – „ძალიან კარგად“, ამასთან, 18 პროცენტი აცხადებს, რომ – „ცუდად“, 3 პროცენტი კი ამბობს, რომ – „ძალიან ცუდად“. გამოკითხულთა 12 პროცენტი აცხადებს, რომ არ იცის.
რაც შეეხება ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიციისადმი მიმართვიანობას, გამოკითხულთა 94% ამბობს, რომ პოლიციისთვის არ მიუმართავს, ხოლო 5% ამბობს, რომ მიმართა.