გიორგი მიქაუტაძე: ვიმსჯელეთ ზოგად პრინციპებზე და განვიხილეთ მხარეების მიერ წარმოდგენილი წინადადებები
“დღევანდელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ ზოგად პრინციპებზე და განვიხილეთ მხარეების მიერ წარმოდგენილი წინადადებები”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, დეტალური მსჯელობა მომდევნო შეხვედრისთვის გადაიდო.
„ჩვენ ვიმსჯელეთ ზოგად პრინციპებზე და განვიხილეთ მხარეების მიერ წარმოდგენილი წინადადებები. დეტალური მსჯელობა მომდევნო შეხვედრისთვის გადაიდო და მომდევნო შეხვედრაზე უკვე კონკრეტულ საკითხებზე იქნება მსჯელობა და გვექნება ჩვენც ჩვენი შენიშვნები. ჩვენ წარდგენილი გვაქვს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრებს და აგრეთვე არამოსამართეწევრებსაც აქვთ რამდენიმე საკანონმდებლო წინადადება წარდგენილი, რაც ასევე იქნება განხილული.
რაც შეეხება კეთილსინდისიერებას და კომპეტენტურობას, დეტალური განმარტება მოცემულია საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში, ეს არის ძირითადი კრიტერიუმები, რომელიც უნდა არსებობდეს მოსამართლისთვის, თუმცა უზენაესი სასამართლოსთვის არ არის გამორიცხული, იყოს რამე დამატებითი კრიტერიუმი, რაც უკვე არსებობს. ასევე, რეგულაციებზეც გაიმართება დეტალური მსჯელობა”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადადგომის შესახებ სამოქალაქო სექტორის მოთხოვნას, მიქაუტაძე აცხადებს, რომ აღნიშნული მოთხოვნა არალეგიტიმურია.