კახა კალაძე: 2006-2007 წლებში სააკაშვილმა “ყაზტრანსგაზში” სპეცმმართველი შეუშვა და კომპანია გააუბედურა

“2006-2007 წლებში სააკაშვილმა “ყაზტრანსგაზში” სპეცმმართველი შეუშვა და კომპანია გააუბედურა“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ყაზტრანსგაზში” კახა კალაძის წილს შეეხებოდა.
ამასთან, კახა კალაძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას 2009 წელს “ყაზტრანსგაზის” წილის შეძენა სურდა.
“ტყუილია ეს. 2006-2007 წლებში ჩვენს ჯგუფს ჰქონდა ინტერესი, როცა ბიზნესსაქმიანობით ვიყავი დაინტერესებული, თუმცა როცა სააკაშვილმა გაიგო ეს ინფორმაცია, მაშინვე სპეცმმართველი შეუშვა “ყაზტრანსგაზში” და გააუბედურა კომპანია”,- აღნიშნა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერმა მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდზეც ისაუბრა და განმარტა, რომ სამინისტროში მხოლოდ პროფესონალები იყვნენ დასაქმებული.
“მამუკა კობახიძე, სანამ მე ენერგეტიკის მინისტრი ვიქნებოდი, მანამდე მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია. მე პოლიტიკური ნიშნით არ ვიღებდი და ვათავისუფლებდი ადამიანებს. ჩემი ერთ-ერთი წარმატება ენერგეტიკის სამინისტროში
ეს იყო, ამიტომ ვიყავით ერთ-ერთი წარმატებული სამინისტრო და იმიტომ განვახორციელეთ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც არასდროს გაკეთებულა ქვეყანაში. ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება, რომ ყველა პროფესიონალი ადამიანი შემოვიკრიბეთ ირგვლივ და ერთიანი ძალისხმევით ვაკეთებდით საქმეს. ყველა ადამიანი, რომელიც ჩემთან მუშაობდა, იყო კვალიფიციური, პროფესიონალი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები