მამუკა ბახტაძე სასამართლოს საკითხზე: მთავრობა არასოდეს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს საქმიანობა-ფუნქციონირებაში
აუცილებლად, საერთო ჩართულობით უნდა დადგინდეს კრიტერიუმები და პროცედურები, რომლის მიხედვითაც, შეირჩევიან შესაბამისი მოსამართლეები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნულ საკთხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა არასოდეს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებაში.
„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა და ეს არის პრინციპული პოზიცია, რომ აუცილებლად საერთო ჩართულობით უნდა დადგინდეს კრიტერიუმები და პროცედურები, რომლის მიხედვითაც, შეირჩევიან შესაბამისი მოსამართლეები. ისიც ობიექტური გარემოებაა, რომ სამწუხაროდ, მოსამართლეების შემცირებული რაოდენობა, ხშირად საქმეების არადროულად დასრულებას იწვევს და ამაზე იუსტიციის საბჭომაც ისაუბრა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის და ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის პოზიციას, მე, როგორც მოქალაქეს, ნებისმიერ ადამიანზე მაქვს ჩემი შეხედულება, მაგრამ მინდა, გავიმეორო, რაც ვთქვი რამდენიმე კვირის წინ: საქართველოს მთავრობა არასოდეს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებაში. ეს დრო საქართველოში დასრულდა და დარწმუნებული ვარ, არცერთ ჩვენგანს არ სურს, იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, როდესაც პრემიერ-მინისტრი ან ნებისმიერი სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი რეკავდა სასამართლოში და „ალაგებდა“ ისე, როგორც მას სურდა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.