ქუთაისში საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს არჩევანი დაფიქსირებული დახვდა
ქუთაისში, 39-ე საარჩევნო საუბნო კომისიაში ამომრჩეველს ხმა მიცემული დახვდა, თუმცა, ლეილა სილაგაძე ირწმუნება, რომ მას ამ დრომდე, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
“ჯერ მითხრეს, რომ პირადობა ყალბი არისო, კარგად რომ დააკვირდნენ, მიხვდნენ, შეცდნენ. მერე ჩემს გრაფაში ხელი მოწერილი იყო, გამოდის, რომ ჩემს ნაცვლად ხმა სხვამ მისცა. მაგრამ მე გავჯიუტდი და როგორც იქნა, ხმა მიმაცემინეს”, – ამბობს ლეილა სილაგაძე.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნინო გაბუნია ადასტურებს, რომ ამომრჩევლის ხელმოწერის ადგილზე ნამდვილად იყო ხელმოწერა. თუმცა, მისთვის გაუგებარია, ეს როგორ მოხდა.
“ნამდვილად იყო ხელმოწერა. მაგრამ რა მოხდა, ვერ გეტყვით. რაც შეეხება, მისი პასპორტის სიყალბეს, ასე არ ყოფილა, უბრალოდ, ერთ-ერთმა რეგისტრატორმა თქვა, რომ ამ ქალმა, სავარაუდოდ, დღის პირველ ნახევარში ხმა დააფიქსირა.
საბოლოო ჯამში, ცესკოს წარმომადგენლების ჩარევით, ამ ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი კანონის შესაბამისად გააკეთა”,- ამბობს კომისიის თავმჯდომარე.