შსს: ქობულეთში მკვლელობა პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის და ფაქტი წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება
ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირის დასაკავებლად, აქტიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში, 1973 წელს დაბადებული მ. ც.-ს მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყეს.
შსს -ს ინფორმაციით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ჯ.ა.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მ.ც.-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა.
ჯ.ა. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მისი დაკავების მიზნით, მიმდინარეობს აქტიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
ამ ეტაპზე, ასევე დადგინა, რომ მკვლელობის ფაქტი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის და მკვლელობა წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია განცხადებაში.