გახდება თუ არა საქართველოდან რუსების მიერ წაღებული სარაკეტო კომპლექსი საერთაშორისო სკანდალის მიზეზი?

ის, რომ კრამატორსკის სპეცოპერაციის კადრებში სითბური დამიზნების საზენიტო – სარაკეტო კომპლექსი GROM-E2 2008 წლის ომის დროს ნამდვილად საქართველოდანაა წაღებული, ეს სპეციალურმა სამსახურმა უნდა დაადგინოს, – ამის შესახებ “კვირას“ პრეზიდენტის მრჩეველმა სამხედრო საკითხებში აკია ბარბაქაძემ განუცხადა. ბარბაქაძის თქმით, რაკეტაზე დატანილი სერიული ნომრით ადვილი დასადგენია, იყო თუ არა კონკრეტულად აღნიშნული GROM –E2 თავის დროზე ქართული არმიის შეიარაღებაში. ექსპერტის თქმით, მანამდე გადაჭრით იმის თქმა, რომ GROM-E2 საქართველოდანაა გატანილი, არასწორი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ “გრომის“ ტიპის კომპლექსი არც უკრაინის და არც რუსეთის არმიების შეიარაღებაში არ არის, ბარბაქაძე არც იმას გამორიცხავს, რომ რუსეთს გარკვეული რაოდენობის ეგზემპლარად მაინც ჰქონდა “გრომები“.
10311798_751341521577361_1252221500_n“ალბათობის თეორიით, გამორიცხული არაა, რომ კადრებში საქართველოდან გატანილი “გრომი“ ჩანდეს, მაგრამ ეს დასადგენია. არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთს აღნიშნული გადასატანი სითბური დამიზნების საზენიტო – სარაკეტო მოწყობილობები იმისთვის შეეძინა, რომ შეესწავლათ, თუ რა საფრთხეებს შეიცავს ისინი. სურვილის შემთხვევაში, მათ ამას არავინ უკრძალავთ. მაგალითად, ამერიკას ოფიციალურად “კალაშნიკოვი“ შეიარაღებაში არ აქვს, თუმცა ბევრჯერ გამოუყენებია. კომპეტენტურმა პირებმა უნდა იმუშაონ და რაკეტაზე დატანილი სერიული ნომრით დადგინდეს, იყო თუ არა კადრზე აღბეჭდილი „გრომი“ საქართველოს შეიარაღების კუთვნილება. თუ ეს დადასტურდა, საერთაშორისო მნიშველობის სკანდალი იქნება“,-განუცხადა “კვირას“ აკია ბარბაქაძემ.
რატომ დახვდათ რუს სამხედროებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საბრძოლო პოზიციებზე უვნებელი ძვირად ღირებული სითბური დამიზნების საზენიტო – სარაკეტო კომპლექსები და აღნიშნული მოწყობილებები, სამხედრო ხელმძღვანელობის ბრძანებით, ადგილიდან რატომ არ გამოიტანეს, ან იქვე არ გაანადგურეს – ეს კითხვა სხვადასხვა დროს არაერთხელ დაისვა.
აღსანიშნავია, რომ ტერორისტების იარაღად წოდებული შეიარაღების “გრომების“ ბრძოლის ველიდან გამოტანა სიძნელეს არ წარმოადგენდა, რადგან თითოეული მათგანი დაახლოებით 14 კილოგრამს იწონის.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ ვიდეოში, სადაც კრამატორსკის სპეცოპერაციის კადრებია ასახული, ქართველმა სამხედროებმა 2008 წლის ომის დროს რუსების მიერ ქართული სამხედრო ბაზებიდან წაღებული შეიარაღება ამოიცნეს. სამხედროები აღნიშნულ კადრებზე ექსკლუზიურად “კვირასთან“ საუბრობენ და აცხადებენ, რომ რუს ტერორისტებს, რომლებიც კრამატორსკში სამხედრო აეროდრომის შტურმისთვის ემზადებიან, თან აქვთ პოლონური წარმოების გადასატანი სითბური დამიზნების საზენიტო – სარაკეტო კომპლექსი GROM-E2, რომელიც, ქართველი სამხედროების მტკიცებით, 2008 წელს რუსებმა წაიღეს. საზენიტო სარაკეტო მოწყობილობები “გრომები“, რომელიც პოლონური წარმოების ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებას წარმოადგენს, ქართულმა მხარემ აგვისტოს ომამდე პოლონეთიდან დიდი ოდენობით შეისყიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები