უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს ესტუმრნენ

საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს ესტუმრნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სახმელეთო ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების ბრიგადების მეთაურებმა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს.
სტუმრებმა საქართველოს შეიარაღებული ძალების II საარტილერიო, II და III ქვეითი ბრიგადების ტერიტორიაზე დასრულებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღეს და არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების ქვედანაყოფებში სტუმრობა საქართველოში აკრედიტებულ სამხედრო ატაშეთა ასოციაციის წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში, უცხო ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლებმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ზუგდიდის ოფისი, ასევე სასაზღვრო პოლიციის ფოთისა და ბათუმის სანაპირო დაცვის სამსახურები მოინახულეს.
სამხედრო ატაშეების ასოციაცია 24 ქვეყნის წარმომადგენელს აერთიანებს. თავდაცვის ატაშეების გაერთიანების მიზანია, პირველწყაროებიდან მიიღოს ინფორმაცია და საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ საკუთარი ქვეყნის სამხედრო უწყების ხელმძღვანელობას გადამოწმებული და სარწმუნო ინფორმაცია მიაწოდოს. სამხედრო ატაშეები საქართველოს სამხედრო უწყებასთან ორმხრივი სამხედრო გეგმის ფარგლებში თანამშრომლობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები