დაღუპული ქართველი გმირის სახელობის ტურნირი გაიმართა
რუსთავის მე-7 საჯარო სკოლაში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურე გაიხსენეს. კახაბერ თავგორაშვილის პატივსაცემად სკოლის ადმინისტრაციამ და მოსწავლეებმა ფრენბურთის ტურნირი გამართეს. სერჟანტ კახაბერ თავგორაშვილის გარდამავალი თასისთვის ერთმანეთს მერვე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო.
“ბავშვებს ვუთხარი კიდეც, რომ დღეს მათი და ჩვენი ოჯახების მშვიდად ცხოვრება ამ გმირების დამსახურებაა და ძალიან მეამაყება, რომ ახალგაზრდები სწორედ ამ სულისკვეთებით იზრდებიან. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სკოლის ადმინისტრაციას და ხელმძღვანელობას. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დეპუტატ ზვიად ძიძიგურს, რომელიც ყურადღებას არ აკლებს სწორედ ასეთ სკოლებს, სადაც ჩვენი გმირი ბიჭები სწავლობდნენ“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
სერჟანტის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური, სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები და კახაბერ თავგორაშვილის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
კახაბერ თავგორაშვილი სპეციალური დანიშნულების მოსამზადებელ ცენტრში მსახურობდა. სერჟანტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაიღუპა. ქართველი გმირი გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის მედლით დაჯილდოვდა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ezSWKX2EDBI” width=”560″ height=”315″]