სასჯელაღსრულების სამინისტრომ ია მეტრეველის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე შემოწმება დაიწყო
სასჯელაღსრულების სამინისტრომ ია მეტრეველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს.
“დღეს, ია მეტრეველმა გაავრცელა ინფორმაცია მსჯავრდებულ ლაშა შავიძის შესახებ, რომელსაც, თითქოს, 2008 წელს ნარკოტიკების სანაცვლოდ დაუკვეთეს მისი მკვლელობა, ხოლო ამჟამად პატიმარი ზეწოლის ქვეშაა, რადგან აღნიშნულის შესახებ ია მეტრეველს შეატყობინა. ია მეტრეველი გუშინ, 19 მაისს შეხვდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, სოზარ სუბარს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის დავალებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დღესვე დაიწყო ია მეტრეველის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სამსახურებრივი შემოწმება”, – აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.
ია მეტრეველის განცხადებით, ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას დავალებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დიმიტრი დარბაისელი ლაშა შავაძეზე ზეწოლას ახორციელებს. მეტრეველის ინფორმაციით, ასევე ფირცხალავას დავალებით, დარბაისელმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გაათავისუფლა ბუტა რობაქიძის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გოჩა მუკბანიანი.