ია მეტრეველი: ლაშა შავაძეზე ზეწოლას ახორციელებენ
ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის განცხადებით, ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას დავალებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დიმიტრი დარბაისელი ლაშა შავაძეზე ზეწოლას ახორციელებს. მეტრეველის ინფორმაციით, ასევე ფირცხალავას დავალებით, დარბაისელმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან ბუტა რობაქიძის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გოჩა მუკბანიანი სამსახურიდან გაათავისუფლა. როგორც მეტრეველი აღნიშნავს, დარბაისელი და ფირცხალავა ერთმანეთისთვის ძალიან ახლობლები არიან.
„შავაძე რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდა. მითხრა, რომ ირაკლი ფირცხალავას დავალებით მასზე ზეწოლა მიმდინარეობს და ცდილობენ, დააშინონ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ციხეებს დარბაისელი და მისი გარემოცვა აკონტროლებს. აღსანიშნავია, რომ დარბაისელმა თანამდებობაზე მოსვლისთანავე გაათავისუფლა ბუტას საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე – გოჩა მუკბანიანი, ადამიანი, რომელიც ბუტას საქმეზე სიმართლეს საუბრობს. აქაც ფირცხალავას წვლილი იკვეთება. გუშინ შევხვდი ბატონ სოზარ სუბარს. მოვუყევი ამ ფაქტებზე და ის შემპირდა, რომ შავიძის მდგომარეობას შეისწავლის და დაიცავს მას“,- განაცხადა ია მეტრეველმა.
მეტრეველის თქმით, 2008 წელს ლაშა შავიძეს მისი ლიკვიდაცია ჰქონდა დავალებული.
„ლაშა შავიძე რამდენიმე თვის წინ დამიკავშირდა და მომიყვა, რომ 2008 წელს მას ჩემი ლიკვიდაცია ჰქონდა დავალებული. ეს ბიჭი ფლობს ძალიან საინტერესო ინფრმაციებს და მტკიცებულებებს. ის, ასევე ფლობს ინფორმაციას იური ვაზაგაშვილზეც – თუ როგორ ავალებდნენ, რომ ბატონ იურიზე და მის შვილზე მოეპოვებინა კომპრომატები, რისთვისაც მას ხელშეუხებლობას და ნარკოტიკებით უზრუნველყოფას ჰპირდებოდნენ. ამის თაობაზე „სახალხო დამცველს“ ვაცნობე, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია“, – განაცხადა ია მეტრეველმა.