ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა – რას ყვებიან „კვირასთან“ ცოცხალაშვილის ახლობლები

   მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ ალექსანდრე ცოცხალაშვილს საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა,- ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საქალაქო სასამართლოდან აცნობეს. ბრალდებულის ადვოკატი ჟურნალისტებთან არ საუბრობს.
„კვირა“ შეეცადა, ბრალდებულის ოჯახს გასაუბრებოდა, თუმცა მათ ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს.
„ჩემმა ძმამ ოჯახი სიყვარულით შექმნა. ექვსი წელი ერთად ცხოვრობდნენ. ბიჭი შეეძინათ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ოჯახი არ დანგრეულიყო. ორი ოჯახი გავნადგურდით, მეტს ვერაფერს გეტყვით“, – უთხრა „კვირას“ ბრალდებულის დამ ნინო ცოცხალაშვილმა.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ცოცხალაშვილები წარმოშობით თიანეთის რაიონიდან არიან. მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ცოცხალაშვილი  ლია და მევლუდ ცოცხალაშვილების უფროსი შვილია.
ალექსანდრე ცოცხალაშვილმა ბავშვობა თიანეთში გაატარა. მან ტუშურების სკოლა დაამთავრა და სწავლა თბილისში გააგრძელა. ამავე სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგია ბრალდებულის დედა ლია ცოცხალაშვილი, მამა კი სოფლის მეურნეობის საქმიანობით არის დაკავებული. ვარკეთილში მომხდარი ტრაგედიით თიანელები შოკირებულები არიან.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას მკვლელობაში ბრალდებულის პედაგოგმა განუცხადა, ალექსანდრე ცოცხალაშვილი კარგი ადამიანი იყო. მისი თქმით, ცოცხალაშვილების ოჯახი სოფელში ერთ-ერთი პატიოსანი და მშრომელი ოჯახია.
„გაოგნებულები ვართ ტრაგედიით. ძალიან დიდი უბედურება დაატყდათ თავს. ალექსანდრე ბავშვობაში ძალიან ჭკვიანი და გამორჩეული, ზრდილობიანი, შრომისმოყვარე იყო. გაკვირვებულები ვართ. მთელი სოფელი გაოცებულია, რა დაემართა ამ ბიჭს. ის ყოველთვის კარგი ადამიანი იყო“, – ამბობს „კვირასთან“ ბრალდებულის მათემატიკის პედაგოგი თამილა წყარუაშვილი.
27 წლის სოფო ზურებიანს სამშაბათს, 20 მაისს დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში ფინანსური პოლიციის თანამშრომელმა ალექსანდრე ცოცხალაშვილმა ყოფილ მეუღლეს 7 ტყვია ესროლა. სოფო ზურებიანი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ინციდენტის შედეგად დაჭრილია გარდაცვლილის ძმაც. 25 წლის თემზა ზურებიანი ამ დრომდე საავადმყოფოშია მოთავსებული. სოფო ზურებიანი ცოცხალაშვილს დაახლოებით 2 თვის წინ გაშორდა და შერიგებაზე უარს ეუბნებოდა, რის გამოც ქმარი მას მოკვლით ემუქრებოდა. ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, სოფო დაახლოებით 2 თვის წინ გაშორდა ქმარს და ახლობლებთან ამბობდა, რომ მასთან შერიგებას მისი რთული ხასიათის გამო არ აპირებდა. სოფო ზურებიანს 5 წლის შვილი ჰყავს.

10362956_10152156661759779_455145917_n

10346737_10152156660544779_35921398_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები