ყაზახეთში ვიზიტისას ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება პორტი რეგიონისა და ზოგადად შუა დერეფნისთვის – მარიამ ქვრივიშვილი

„ყაზახეთთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განსაკუთრებით მზარდია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, საქართველოს მიმართ ყაზახეთის ინტერესი მზარდია.

„ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, კონკრეტულად შუა დერეფნის კონტექსტში.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყაზახეთის რესპუბლიკასთან, ვხედავთ, რომ მზარდია ტვირთნაკადი. მე მინდა აქცენტი გავაკეთო ასევე შუა დერეფნის კონტექსტზე, სადაც საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი. შეხვედრების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება პორტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისა და ზოგადად შუა დერეფნისთვის”, – აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ყაზახეთში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა დერეფნის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე. მისივე განცხადებით, ყაზახეთი განაგრძობს ინვესტირებას საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში და ამ მიმართულებით ინვესტიციები მომავალშიც გაგრძელდება.

„შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა ზოგადად ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენების არსებობა ორ ქვეყანას შორის. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მზარდია პირდაპირი ფრენები, რასაც თან სდევს, რა თქმა უნდა, ტურისტული ნაკადების ინტენსიური ზრდა. მინდა აქცენტი გავაკეთო, რომ ზოგადად ყაზახეთი გამორჩეულად სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ტურიზმის, ვაჭრობის, ისევე როგორც სატრანსპორტო და ზოგადად ლოგისტიკური თვალსაზრისით. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა ვიზიტის ფარგლებში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ეს არის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი მესიჯი, თუ რამდენად სიღრმისეულია პარტნიორობა და თანამშრომლობა ორ ქვეყანაში. ეს მათ შორის არის მესიჯი იმისთვის, რომ ორი ქვეყანა არის მოტივირებული, რომ გაზარდოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და მათ შორის ინვესტიციები საქართველოში”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები