„თავდაცვის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, განხორციელებული რეფორმები ექსპორტზე გაიტანოს“

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშს გამოეხმაურა და თავდაცვის სამინისტროში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები შეაფასა. ირაკლი ალასანიას თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობის კუთხით მიღწეული პროგრესისა და გამოცდილების სხვა ქვეყნებისთვის გაზიარების შესაძლებლობა აქვს.
„სისტემის გახსნის კუთხით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უკვე აქვს შესაძლებლობა, რეფორმები ექსპორტზე გაიტანოს. ჩვენ ვაპირებთ, უახლოეს მომავალში დავიწყოთ სემინარების ჩატარება იმ პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომელსაც ასეთი დახმარება სჭირდება“ – განაცხადა ალასანიამ.
როგორც რასმუსენის ანგარიშშია აღნიშნული, გასულ წელს ნატომ განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობები შეინარჩუნა ოთხ პარტნიორ ქვეყანასთან, რომლებიც ნატოსკენ მიისწრაფვიან – საქართველოსთან, ბოსნია და ჰერცოგოვინასთან, მონტენეგროსთან და მაკედონიასთან. “2013 წელს პროგრესი იქნა მიღწეული რეფორმების შესრულებაში, რომელიც აუცილებელია ალიანსის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, ალიანსის წევრობისთვის ამ ქვეყნებს წინსვლა შემდგომშიც ესაჭიროებათ. კონკრეტული სამუშაოების სფეროები საქართველოსთვის მოიცავს წინსვლის გაგრძელებას სამოქალაქო და სამხედრო რეფორმების მიმართულებით, როგორც ეს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაშია მითითებული”, – აღნიშნულია ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები