„კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით ძალიან ბევრი წარმატებული რეფორმა განვახორციელეთ“

ჩვენი ხელისუფლების პირობებში არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩარევის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-საფრანგეთის ბიზნესფორუმზე იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ საქართველო ბიზნესის სიმარტივის თვალსაზრისით, მსოფლიოში მერვე ადგილზეა. თუმცა ინტელექტუალური საკუთრების არსის მიმართულებით პრობლემები არსებობს.
“ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩარევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე გავხადეთ. ჩვენ კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით ძალიან ბევრი წარმატებული რეფორმა განვახორციელეთ. მივაღწიეთ პროგრესს, თუმცა არ ვამბობ, რომ აქ ყველაფერი იდეალურია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბიზნესი დღეს არის აბსოლუტურად დაცული, საკუთრების უფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს, ასევე თავისუფალია სასამართლოს სისტემა და ამის დასტურად პრემიერმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის სიტყვები მოიყვანა.
“მინდა მოვახდინო ციტირება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა, რომელიც წლებია ამ სასამართლოს თავმჯდომარეობს. მან თქვა, რომ სასამართლო დღეს არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორც არასდროს ყოფილა. ასევე ბიზნესი არის აბსოლუტურად დაცული, ბიზნესმენები, იქნებიან ეს უცხოელები თუ ადგილობრივები. ჩვენ შევქმენით პროგნოზირებადი გარემო ქვეყანაში და ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომელსაც ვავითარებთ. ის ჩივილები, რომელიც არსებობდა ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესის თავისუფლების მიმართულებით, პრაქტიკულად აღმოფხვრილია და არანაირი საჩივარიც კი არ არის დაწერილი არც ერთი ბიზნესმენის მხრიდან”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები