ტაქსებზე საჯარიმო სანქციები იცვლება
თბილისში ტაქსების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება. მთავრობაში ჯერ კიდევ 2016 წლის დასაწყისში აცხადებდნენ, რომ ტაქსებზე ლიცენზირების შემოღება იგეგმებოდა და აღნიშნავდნენ, რომ მიმდინარეობდა რეგულირების ნორმების შემუშავება როგორც ავტომობილის ტექნიკური, ისე მძღოლის ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიური შემოწმების მიმართულებით. საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები დეპუტატები კახა კუჭავა და ნინო წილოსანი არიან. თბილისის მერიის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა 77 ხმით. ახალი რეგულაციების მიხედვით, ტაქსის მძღოლებს არამხოლოდ რეგისტრაციის გავლა და სპეციალური საინფორმაციო ტაბლოს განთავსება მოუწევთ, მათ სავალდებულო წესით უნდა დაამონტაჟონ ტაქსომეტრები და ერთიანი ტარიფებით იმოძრაონ დედაქალაქის ქუჩებში. ამ ეტაპზე არაა გადაწყვეტილი მხოლოდ ერთი – რა ეღირება ლიცენზია (მერიის ინფორმაციით, მისი ღირებულება 50-100 ლარით განისაზღვრება. ულიცენზიო ტაქსის მძღოლები კი 200 ლარით დაჯარიმდებიან). თბილისის მთავრობამ, შსს-სთან შეთანხმებით, თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს მსუბუქი ავტომობილით, M1 კატეგორია, ტაქსით გადაყვანის ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესი. საქართველოს კანონში აღნიშნული ცვლილებები, ტექდათვალიერება, მძღოლების აღრიცხვიანობა, საინფორმაციო ტაბლოს განთავსება, ერთიანი ტარიფით საქმიანობა, ქუჩების ცნობარის სწავლისა თუ ჰიგიენური ნორმების შემოღების აუცილებლობა, ვფიქრობ, მისასალმებელია, რასაც მესამე სექტორი და მომხმარებლები, ასევე, ტაქსის მძღოლებიც აღიარებენ. დროა, ჩვენც მივიღოთ ყველა ის ახალი დისციპლინური ნორმა, რაც განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია დამკვიდრდა და აღარავის უკვირს. ტაქსით მომსახურება საქართველოში თვითდასაქმების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული საქმიანობაა. დედაქალაქში ყოველდღიურად 20 000-მდე ტაქსი მოძრაობს, რაიონებიდან და სოფლებიდან წამოსული მძღოლების ჩათვლით. მართალია, ტაქსების ასეთი სიმრავლის მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული უმუშევრობის პრობლემაა, თუმცა ის ფაქტი, რომ დედაქალაქში გადატვირთული მოძრაობაა, ზოგჯერ თვით ტაქსითაც შეუძლებელია მოცემულ დროში დანიშნულ ადგილამდე მისვლა და მძღოლების უმეტესობისთვის თბილისის ქუჩები ცნობილი არ არის. ამაზე, ალბათ, ყველა ვთანხმდებით, გარდა საპარლამენტო უმცირესობიდან რომან გოცირიძისა. მისი აზრით, „ეს არ უნდა გახდეს ტაქსის მძღოლების რეპრესიის საბაბი. აღრიცხვა და მძღოლის იდენტიფიკაცია, ვინ მართავს მანქანას, მისი სატელეფონო და სხვა მონაცემები საჭიროა და არ ვხედავთ ამაში პრობლემას, მაგრამ ამ ეტაპზე არაა საჭირო ტექნიკური მოთხოვნები, რაიმე შეზღუდვა მანქანის ასაკიდან გამომდინარე და ა. შ. მას შემდეგ, რაც ტექნიკური დათვალიერება ამოქმედდება, შეიძლება ეტაპობრივად დაემატოს სხვა მოთხოვნებიც. ეს არ უნდა გახდეს ადამიანებისთვის ელემენტარული შემოსავლის დაკარგვის საბაბი. მხოლოდ აღრიცხვითა და იდენტიფიკაციით დაიწყონ“ – აღნიშნა „პრაიმტაიმთან“ რომან გოცირიძემ.
ნინო წილოსანი:
– ჩვენი მიზანია დედაქალაქში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შემდგომი გაუმჯობესება – დარეგულირება და საგზაო მოძრაობის განტვირთვის ხელშეწყობა. დღეს მოქალაქეების მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით გადაყვანის სექტორი აბსოლუტურად მოუწესრიგებელია. არ არსებობს სტატისტიკა, რამდენი ტაქსი მოძრაობს დედაქალაქში, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც მგზავრების გადაყვანას ახორციელებენ – მათ შორის, ტურისტების, რა წარსული აქვთ, არის თუ არა უსაფრთხო მათი მომსახურება და ა.შ. ლიცენზირება და ამ ყველაფრის აღრიცხვა, ტაქსით გადაადგილებისას მგზავრის უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფაა.
– რა ცვლილებებს გულისხმობს აღნიშნული კანონი?
– მთლიანობაში ცვლილებები შევიდა 6 კანონში, ესენია: „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“. ამ ცვლილებებით თბილისში იზღუდება ტრანზიტული მოძრაობები; იკრძალება სამარშრუტო ტაქსების გაჩერება თბილისის გარკვეულ ქუჩებზე, გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილისა; ასევე, თბილისის ავტობუსების გაჩერებებზე იკრძალება სხვა საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება – გარდა ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსებისა; დგინდება სანებართვო პირობების სამართლებრივი საფუძვლები ტაქსებისთვის. მნიშვნელოვანი, რაზეც მინდა ხაზი გაუსვა, ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, სადაც იზრდება სანქციები და წესდება ახალი სანქციები, რომლებიც ითვალისწინებს: 100-ლარიან ჯარიმას სატვირთო და სადისტრიბუციო მანქანების მხრიდან მოძრაობის წესის დარღვევაზე; 100-ლარიან ჯარიმას ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მხრიდან დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე დადგენილი გაჩერების წესის დარღვევაზე; 50-ლარიან ჯარიმას დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების ავტობუსის გაჩერებაზე გაჩერების ან დგომის წესის დარღვევისას;
100-ლარიან ჯარიმას დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის განხორციელებაზე სანებართვო პირობების დარღვევით; 200-ლარიან ჯარიმას დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის განხორციელებაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე.
– რა ეღირება ლიცენზია და როგორ ფიქრობთ, შესწვდებიან თუ არა ტაქსის მძღოლები ყველაფერ ამას ფინანსურად, რაც კარგი მომსახურების სერვისთანაა დაკავშირებული?
– ნებართვის შეძენა იქნება სიმბოლური და მიმართული არა ბიუჯეტის შესავსებად, არამედ ტაქსების სწორი აღრიცხვისთვის. ტაქსით გადაყვანის ნებართვის პირობებს, მისი გაცემის ფასსა და გადახდის წესს დაამტკიცებს დედაქალაქის საკრებულო. ასევე, კონკრეტულად დროში გაწერს, 2018 წლის რომელი თვიდან დაიწყება ტაქსისთვის ნებართვების გაცემა. მძღოლებს რეგისტრაციისთვის პირველ ეტაპზე მარტივი ნორმების დაკმაყოფილება მოუწევთ, კერძოდ, მათ უნდა ჰქონდეთ ტაქსის ტრაფარეტი და ნებართვა, რომლითაც დადასტურდება, რომ ისინი ამ საქმიანობით არიან დაკავებულები. მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა არ არის მიმართული თანხების მობილიზებაზე. ჩვენი მიზანია, დედაქალაქში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შემდგომი გაუმჯობესება – დარეგულირება.
– რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ტაქსის მძღოლი? ალბათ, აქ იგულისხმება ავტომანქანის მოწესრიგება როგორც ტექნიკურად, ისე ვიზუალურად.
– პირველ ეტაპზე საუბარია იმაზე, რომ დედაქალაქის ხელისუფლებამ მოახდინოს იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც თბილისში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით ადამიანების გადაყვანას ახორციელებს.
– ითქვა, რომ თბილისში ყველა ტაქსი ერთი ტარიფით იმოძრავებს. ზოგადად, ეს ყველაფერი ხომ არ გამოიწვევს საპროტესტო აქციებს, რაც ისედაც არ გვაკლია დედაქალაქის მცხოვრებლებს?
– მინდა, აღვნიშნო, რომ ტაქსების რეგულირების საკითხი მოიცავს რეგისტრაციის ნებართვის აღების ძალიან მარტივ ფორმას, რომელიც ნამდვილად არ დააწვებათ ტვირთად ადამიანებს, რომლებიც დღეს ამ საქმიანობით არიან დაკავებულები. მათ უნდა მოგვმართონ რეგისტრაციისთვის. ზოგადად, წესებისა და კანონის დაცვის კულტურას ალტერნატივა არ გააჩნია. რა თქმა უნდა, თუ საკუთარ თავს პატივს სცემ და განვითარებაზე გაქვს პრეტენზია, მაშინ ეს გასაგები და მისაღები უნდა იყოს. სისტემური მიდგომა და კოორდინირებულად მოქმედება კი ნებისმიერ პრობლემას მოაგვარებს.
– ცვლილებები, ალბათ, არ ეხებათ ტაქსების კომპანიებს და სამარშრუტო ტაქსებს.
– ცვლილებები ეხება m1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებს, სამარშრუტო ტაქსი m2 კატეგორიაშია და არ ეხება. რაც შეეხება ტაქსების კომპანიებს, ისინი, თავისთავად, დაინტერესებულები უნდა იყვნენ მგზავრთა კმაყოფილების ხარისხით და ითანამშრომლონ სანდო მძღოლებთან.
კახა კუჭავა:
– დღეს რომ ჩვენი დედაქალაქი გადატვირთულია ტრანსპორტით, ყველასთვის ნათელია. ოფიციალურად არ არის დაფიქსირებული თბილისში მოძრავი კერძო ტაქსების რაოდენობა. ხშირად ეს ტაქსები არ აკმაყოფილებენ ელემენტარულ პირობებს როგორც ტექნიკური გამართულობის, ისე ჰიგიენის თვალსაზრისით. აღარ ვლაპარაკობთ მძღოლებზე (რა თქმა უნდა ყველა არ იგულისხმება), რომლებმაც პრაქტიკულად არ იციან თბილისის ქუჩების დასახელება, არც მათი განლაგება და არც აღნიშნულ მისამართამდე მისასვლელი გზები. მძღოლების გარკვეულ რაოდენობას მართვის მოწმობები ახალი აღებული აქვთ. მიღებული კანონი არის აღნიშნული საკითხის დარეგულირების საშუალება. ამასთანავე, კანონით გათვალისწინებული ნებართვა გაიცემა კონკურსის გარეშე, ნებისმიერ პირზე.
თბილისში სატრანსპორტო მოძრაობის დარეგულირების მიზნით პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილი იყო 6 კანონის პროექტი, გაერთიანებული ერთ საკანონმდებლო პაკეტად და მისი მიღების შედეგად ამოქმედდა შემდეგი ნორმები: თბილისში აიკრძალა ტრანზიტული მოძრაობა და შესაბამის სამართალდარღვევაზე საჯარიმო სანქცია გაიზარდა 20-დან 500 ლარამდე; თბილისის საკუთარ უფლებამოსილებას დაემატა საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტაქსით გადაყვანაზე ნებართვის გაცემა, ასევე, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესის განსაზღვრა, დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქის თვითმმართველობის მიერ განისაზღვრება გზების ჩამონათვალი, სადაც ავტობუსები და მიკროავტობუსები გაჩერდებიან მხოლოდ გაჩერებებზე; ამავე ქუჩებზე ავტობუსის გაჩერებებზე იკრძალება სხვა სახის ტრანსპორტის გაჩერება, დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე დადგინდება სატვირთო ავტომობილის და ე.წ. სადისტრიბუციო მანქანებისთვის მოძრაობის გრაფიკი, რაც გულისხმობს მოძრაობის გარკვეული დროის განსაზღვრას და მათ გასაჩერებლად განსაზღვრული ადგილების გამოყოფას. ნებართვის ფასს დაადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო და საწყის ეტაპზე ის გაიცემა არა ნაკლებ ერთი წლის ვადით ნებისმიერ პირზე. ეს უნდა იყოს სიმბოლური ფასი, რომლის გადახდა არ უნდა გაუჭირდეს ტაქსის მძღოლს. ამჟამად ნებართვები გაიცემა პირობების გარეშე, ნებისმიერ მსურველზე. ყველა შემთხვევაში, მომავალში, ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს, რათა დედაქალაქში ტაქსების მოძრაობა და საქმიანობა აკმაყოფილებდეს თუნდაც მინიმალურ სტანდარტებს. ამ საკითხის დარეგულირება კი უკვე თბილისის საკრებულოს კომპეტენციის ფარგლებს წარმოადგენს. რაც შეეხება რაიონებიდან ჩამოსულებს, მათ ნებართვის აღების შემთხვევაში თანაბარი პირობები ექნებათ ქალაქის მცხოვრებლებთან. არავის სჯეროდა, რომ ღვედებს გაიკეთებდნენ ქართველები, თამბაქოს არ მოწევდნენ შენობებში და ა.შ. ფაქტია, როცა დადებითი და აუცილებელი ცვლილებები ხდება, თავიდან ყველასთვის მისაღები არ არის, მაგრამ ასეთი ცვლილებების დადებით შედეგებს მალევე ამჩნევს მოსახლეობა. „იმედის“ ეთერით ყველამ ნახა ის კვლევები, რომელიც ტელევიზიამ ჩაატარა. მოსახლეობისა და უშუალოდ ტაქსისტების დიდი უმრავლესობა ასეთი ცვლილებების მომხრეა. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქალაქისა და მისი მაცხოვრებლების სასიკეთოდ კეთდება“.
– ტაქსების კომპანიებისა და „ყვითელი სამარშრუტო ტაქსების“ შემთხვევაში რა და როგორ იქნება?
– გარკვეული რეგულაციები, ალბათ, ტაქსების კომპანიებსაც შეეხება. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ისეთ შემთხვევას, რომ მანქანა ეკუთვნის კომპანიას და დაქირავებული მძღოლი არ ან ვერ იხდის ჯარიმას. ცხადია, ასეთ შემთხვევაში წარმოქმნილი დავა თავად კომპანიის შიგნით უნდა გადაწყდეს. ტაქსის კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათ მიერ დაქირავებული ტაქსისტები აკმაყოფილებდნენ კანონის მოთხოვნებს. რაც შეეხება თბილისში მოძრავ „ყვითელ სამარშრუტო ტაქსებს“, საცობების წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით სწორედ მათ ეკრძალებათ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილ მაგისტრალურ ქუჩებზე გაჩერებების გარდა სხვა ადგილებზე გაჩერება. აღნიშნული ნორმა არ ეხება საქართველოს ქალაქებს შორის მოძრავ მიკროავტობუსებს.
წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”