„კუდ-ის თანამშრომლების ჩვენებებით, მოსასმენი აპარატურა მოდულის შენობიდან გაიტანეს“

არსებობს კუდ-ის თანამშრომლების ჩვენებები, რომ მოსასმენი აპარატურა ერთ-ერთ ღამეს დატვირთეს და მოდულის შენობიდან გაიტანეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს შს უწყებაში ირაკლი ღარიბაშვილის მისვლამდე მოხდა.
“2012 წლის არჩევნების შემდგომ, როცა სამინისტროში ახალი ხელმძღვანელი მივიდა, ჩვენ აღვრიცხეთ სამინისტროს მფლობელობაში არსებული ტექნიკური თუ სხვა საშუალებები. აღმოჩნდა, რომ ფარული ხარჯებით შესყიდული იყო რამდენიმე მილიონის ტექნიკა, რომელიც ამ სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილის შემოსვლამდე იქნა გატანილი. აღნიშნულზე გამოძიება ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა, რადგან ახლა აქტუალური გახდა, მასალები გადაეგზავნა პროკურატურას და მას ამჟამად სწორედ ეს უწყება იძიებს. მე ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ რამდენიმე პორტატული კომპიუტერი, რომლის მეშვეობითაც შეიძლებოდა გაკონტროლებულიყო ხმის მოსმენა ან ვიდეოთვალთვალი სამინისტროდან, დაკარგულია. გამოძიებას უნდა დაველოდოთ და წინასწარ საუბარი არასერიოზული იქნება, მაგრამ მაშინ ამ ტექნიკის განკარგვა წინა მთავრობის წარმომადგენლებს შეეძლოთ და დამერწმუნეთ, გამვლელ პირებს არ შეეძლოთ სამინისტროდან მისი გატანა. ე.ი. გამოდის, რომ ეს ტექნიკა შესაძლოა, იყოს გაშლილი იმ პირებში, რომლებიც ძველი მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ”, – განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
როგორც ჭიკაიძემ აღნიშნა, სად არის აღნიშნული ტექნიკა, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.
“სად არის ეს ტექნიკა, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, მაგრამ ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, არსებობს კუდ-ის თანამშრომლების ჩვენებები, რომ ერთ-ერთ ღამეს ამ ტექნიკის დატვირთვა და მოდულის შენობიდან გატანა მოხდა”, – განაცხადა ჭიკაიძემ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, უკანონოდ შეძენილი სატელეფონო და ფარული ვიდეო მიყურადებისთვის განკუთვნილი სპეციალური პორტატული ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგულია და არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ აღნიშნული ტექნიკით სარგებლობენ ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები