შსს-მ კიბერდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, მონაცემებისა და დაშვების კოდების უნებართვოდ დამზადება-შენახვის და საბანკო ანგარიშებიდან ფულადი თანხების ქურდობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლევან მ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2 აპრილს თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკომატზე დაამონტაჟა პლასტიკური ბარათების მონაცემთა უკანონოდ მოპოვება-შენახვისთვის განკუთვნილი სპეცილური მოწყობილობა – ე.წ. სკიმერი, რომლის საშუალებითაც, თანხების მითვისების მიზნით, სხვისი პლასტიკური ბარათიდან მონაცემების უკანონოდ მოპოვებას ცდილობდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბანკომატის ეკრანზე დამაგრებული ვიდეო-აუდიო სათვალთვალო და პლასტიკური ბარათის ჩასადებ ჭრილზე მოთავსებული ინფორმაციის წამკითხავი მოწყობილობები იმავე დღეს აღმოაჩინეს და ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულმა 31 მარტს თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბანკომატზე დაამონტაჟა ე.წ. სკიმერი, რომლის საშუალებითაც ამავე ბანკის 329 მომხმარებლის საბანკო მონაცემები უკანონოდ მოიპოვა. მოპოვებული მონაცემებით, პლასტიკური ბარათების ყალბი ასლები თურქეთში დაამზადებინა. მოგვიანებით კი გაყალბებული 19 ბარათით თანხების განაღდებას ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ბანკომატებიდან ცდილობდნენ. აღნიშნული სქემით, ლევან მ-მ ერთ-ერთი ბანკის 9 მომხმარებლის კუთვნილი თანხები – 3260 ლარის ოდენობით თბილისში, სხვადასხვა ბანკომატიდან გაანაღდა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კომპიუტერული მოწყობილობები, მეხსიერების ფლეშ ბარათები და 22 ცალი ყალბი პლასტიკური ბარათი ამოიღეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მონაცემებისა და დაშვების კოდების უნებართვოდ დამზადება-შენახვის და ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=uT5OOW_c9qI&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები