ნიკა გვარამიამ პროკურატურა დატოვა
„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მთავარი პროკურატურა დატოვა. როგორც მან პროკურატურის დაკითხვის შემდეგ განაცხადა, გამოძიების შეკითხვები მხოლოდ „რუსთავი 2“-ში ფარულ ჩანაწერებთან იყო დაკავშირებული და არ ეხებოდა მოსმენების გავრცელების შესახებ საქმეს. თუმცა, მისივე თქმით, პროკურატურამ დაანონსა, რომ აღნიშნულ საქმეზე მომავალში დაიკითხება.
„დღევანდელ დაკითხვაზე გამოძიების შეკითხვები მხოლოდ „რუსთავი 2“-ში ფარულ ჩანაწერებთან იყო დაკავშირებული. ეს იყო „რუსთავი 2“-ის თანამდებობის პირების ფარულ ჩანაწერები და ვიდეო თვალთვალის შესახებ კითხვები. გავაკეთეთ კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რა იყო ჩვენთვის ცნობილი, ვინ იყო კოვზიაშვილი, ვინ იყო ბუნტურიძე და საიდან მოხვდნენ ისინი „რუსთავი 2“-ში. კითხვები დასმული იყო მათ ჩვენებებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მეორე საქმეს, რომელზეც სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით აღიძრა საქმე და ფარული მოსმენების გავრცელებას ეხება, ამასთან დაკავშირებით შეკითხვები არ ყოფილა. ეს არ არის ამ პროკურორის წარმოებაში, მაგრამ დაგვიანონსეს, რომ ამაზე მომავალში დავიკითხებით“, – განაცხადა ნიკა გვარამაიმ პროკურატურის დატოვების შემდეგ.