პროკურატურის ვარაუდით, მიყურადების დაკარგული ტექნიკით ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები სარგებლობენ

პროკურატურის ვარაუდით, ფარული მიყურადების დაკარგული ტექნიკით ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები სარგებლობენ, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიება მუშაობს აღნიშნული ტექნიკის ძებნის და ამ დანაშაულში ჩართული პირების დადგენის მიზნით, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი.
„როგორც თქვენთის ცნობილია, 2014 წლის 9 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ იქნა საჯარო განცხადება, რა დროსაც იგი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ გაასაჯაროებდა მოქმედ მაღალჩინოსანთა პირადი საუბრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებს.
მოგახსენებთ, რომ უკანონო მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით უკვე არსებობს სისხლის სამართლის საქმე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდიანრე, დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფიდან დაიქვემდებარა სისხლის სამართლის საქმე, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღევის ფაქტზე და მასზედ გამოძიებას პროკურატურა აქტიურად გააგრძელებს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელთა ჩვენებებით დგინდება, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2010-2011 წლებში, ადგილი ჰქონდა ფარული ხარჯებით, არაოფიციალურად, ფარული მოსმენა-მიყურადებისთვის განკუთვნილი სპეციალური, პორტატული აპარატურის უკანონო შეძენას, რომელსაც ისინი იყენებდნენ კერძო საუბრების ჩასაწერად მათი კომპრომატების სახით გამოყენების მიზნით.
ჩატარებული გამოძიებით ასევე დგინდება, რომ უკანონოდ შეძენილი სატელეფონო და ფარული ვიდეო მიყურადებისთის განკუთვნილი სპეციალური პორტატული ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგულია.
არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ აღნიშნული ტექნიკით სარგებლობს ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები. საზოგადოებას გვინდა ვაუწყოთ, რომ გამოძიება მუშაობს ხსენებული ტექნიკის დაძებვნის და ამ დანაშაულში ჩართული პირების დადგენის მიზნით, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი.
აქვე მოგახსენებთ, რომ პირადი საუბრების ჩანაწერის, მათ შორის ტექნიკური საშუალებით მოპოვებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერის უკანონო გამოყენება და გავრცელება, მათ შორის მასმედიის საშუალებით, წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გუშინ პრესკონფერენციაზე ხელისუფლებას ჯოჯოხეთის მოწყობით დაემუქრა და იმ ფარული ჩანაწერების გასაჯაროებას დაჰპირდა, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლებამ საკუთარ მაღალჩინოსნებს გადაუღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები