საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ორ შემთხვევაში, ბრალდებულებმა, მათივე მართვის ქვეშ არსებულ სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შემოიტანეს დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები – 238 ცალი ოქროს ყელსაბამი და 2 ერთეული ოქროს ზოდი. ხოლო დანარჩენ სამ შემთხვევაში, ბრალდებულები არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საქართველოში მალულად შემოტანას, ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით ცდილობდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში ამოღებულია 4 590 გრამი ოქრო და ოქროს ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება 429 000 ლარს შეადგენს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი, მეორე და მეხუთე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.