თეა წულუკიანი ევროპის რეგიონულ შეხვედრაზე ძირითად მომხსენებლად წარდგა
დუბლინში დღეს ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონული შეხვედრა გაიხსნა, რომელშიც ევროპის რეგიონის წევრი ქვეყნების სამთავრობო, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. საქართველოს დელეგაციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. იუსტიციის მინისტრი გახსნით პლენარულ სხდომაზე ძირითად მომხსენებლად წარდგა და საქართველოს ხელისუფლების მიერ ღიაობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით გატარებული რეფორმების შესახებ ისაუბრა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანის განცხადებით, ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონულ სამიტზე განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს მიღწევები.
„ღია მმართველობის ფარგლებში საქართველომ ძალიან ბევრი ისეთი რეფორმა გაატარა, რომლებიც მისაბაძი და სამაგალითოა ტრადიციული ევროპული ქვეყნებისთვისაც კი. თუმცა, ჩვენ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და საქართველო აგრძელებს ინოვაციური პროექტების განხორციელებას, რაც მთავრობის მეტ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა სამოქალაქო და ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციების, რეფორმების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის შესახებ, გააცნო მათ ელექტრონული მმართველობის წარმატებულ ინიციატივები და სამომავლო გეგმები. საქართველოს იუსტიციის მინისტრი გახსნით პლენარულ სხდომაზე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ირლანდიის სახელმწიფო ხარჯებისა და რეფორმების მინისტრთან ერთად წარდგა. ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონული შეხვედრა 9 მაისს შემაჯამებელი სხდომით დაიხურება.
ვლადიმერ პუტინი საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებს 9 მაისს ულოცავს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინისა და საქართველოს ლიდერებს ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავის დღე არ მიულოცა, – ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. თუმცა მან მიულოცა აზრბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, ტაჯიკეთის, თურქმენისტანის, უზებეკეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და ასევე საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს.