სერგეენკო: თუ ირაკლი ალასანიას მაღალი რეიტინგი აქვს, მხოლოდ გამიხარდება

თუ ირაკლი ალასანიას მაღალი რეიტინგი აქვს, მე მხოლოდ გამიხარდება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
“თუ ბატონ ირაკლის მაღალი რეიტინგი აქვს, მე მხოლოდ გამიხარდება, რადგან ის დარგი, რასაც ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობს, ცხადია, რომ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. რაც შეეხება დანარჩენ მონაცემებს, მე სათანადოდ არ გავცნობივარ კვლევის შედეგებს, რომ ანალიტიკური კომენტარი გავაკეთო”, – განაცხადა სერგეენკომ NDI-ს კვლევის შედეგების კომენტირებისას. NDI-ის კვლევის თანახმად, პოლიტიკოსებს შორის მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ირაკლი ალასანიას აქვს. ალასანიას აღნიშნულ რეიტინგში დადებითი კუთხით 67%-იანი მაჩვენებელი აქვს, რესპონდენტთა 12%-ს ალასანია არ მოსწონს, 17%-ს კი მასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. მოწონების რეიტინგში შემდეგი პოზიციები უკავიათ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც რესპონდენტთა 64%-ს მოსწონს, გამოკითხულთა 15%-ს კი არ მოსწონს; დავით უსუფაშვილი 61%-ს მოსწონს, 18%-ს კი არა; კახა კალაძე 51%-ს მოსწონს, 24%-ს კი არა; ბიძინა ივანიშვილი 51% მოსწონს და 24% – არა და დავით ბაქრაძე, რომელიც 51% მოსწონს, 30%-ს – არა. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი გამოკითხულთა 46%-ს მოსწონს, არ მოსწონს 26%-ს, 23%-ს მასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, 5% კი პასუხზე უარს აცხადებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწონების რეიტინგი 23%-ია. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ გამოკითხვაში არ მოსწონს 54%-ს. NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 3 942 ადამიანი გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები