კეზერაშვილისა და ნინუას ადვოკატები პროკურატურის ახალ ბრალდებას აფასებენ

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ადვოკატი შოთა მინდელი პროკურატურის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წარდგელინ ახალ ბრალდებას ეხმაურება. მინდელი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყების ბრალდება ძალიან სუსტია და მტკიცებულებით არ არის გამყარებული.
„მთლიანობაში ბრალდება ძალიან სუსტია და ნაკლებად არის გამყარებული მტკიცებულებებით. მე ვფიქრობ, რომ პროკურატურა ვერ შეძლებს, რომ სასამართლოში თავი დაიცვას. ვფიქრობ, რომ ბრალდების მხარეს ეს ბრალდება ჩამოეშლება. მთავარი არსი, ამ ბრალდების წარდგენის ის გახლავთ, რომ კეზერაშვილის მსგავსად ბრალი წარედგინა ალექსანდრე ნინუას. როგორც ვიცით, დაკავებულ ალექსანდრე ნინუას საქმეზე, ხუთჯერ გამოიცვალა პროკურორი და ხუთჯერ გადაიდო პროცესი. ამ ბრალის წარდგენით, კიდევ ერთხელ გაჩნდა საშუალება იმისა, რომ პროკურატურამ ალექსანდრე ნინუასთან დაკავშირებით, აღმკვეთი ღონისძიებით მიმართოს სასამართლოს. რადგან, როგორმე ნინუამ თავი არ დააღწიოს საპატიმროს. აი, სწორედ ეს გახლავთ, ამ ბრალდების ძირითადი არსი”, – აცხადებს დავით კეზერაშვილის ადვოკატი შოთა მინდელი.
„კვირა“ ალექსანდრე ნინუას ადვოკატს ოთარ კახიძესაც დაუკავშირდა. მისი თქმით, პროკურატურის მხრიდან ალექსანდრე ნინუას მიმართ ახალი ბრალის წარდგენა, მის პატიმრობაში დატოვებას გულისხმობს. თუმცა, კახიძის განცხადებით, პროკურატურის ბრალდება აბსურდულია.
„ალექსანდრე ნინუა აბსურდულად მიიჩნევს ამ ბრალდებას. მას საპატიმრო ვადა ეწურება და შესაბამისად იმის გამო, რომ უწევს განთავისუფლება, სწორედ ამიტომაც წარუდგინეს ახალი ბრალდება. მოსალოდნელია პროკურატურამ უახლოეს პერიოდში, მოითხოვოს, ალექსანდრე ნინუას მიმართ პატიმრობა. ეს ბრალდება არის აბსურდული, მას არანაირი შინაარსი არ გააჩნია. ძალიან ცუდია ასევე ის, რომ პროკურატურამ საქმის დეტალები გაასაჯაროვა. მე წარმომედგინა ხელნაწერი, რომ მე არ მაქვს უფლება საქმის დეტალებზე ვისაუბრო”, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. როგორც პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დავით კეზერაშვილმა და ალექსანდრე ნინუამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კომპანიის “Girwood Business Corp’’-ის სასარგებლოდ გაფლანგეს 5 060 000 ევრო, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიაყენეს დიდი ოდნობით მატერიალური ზიანი. წარდგენილი ბრალი 7- დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის დეკემბერში სამართალდამცველებმა ბიზნესმენ დავით კეზერაშვილის მეგობარი და პარტნიორი ალექსანდრე ნინუა დააკავეს. იმავე წლის, 16 დეკემბერს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ალექსანდრე ნინუას მოწმის სახით დაკითხვა აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) მოითხოვა.
არსებული ინფორმაციით, ალექსანდრე ნინუა დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა,ბოლო პერიოდში კი საქართველოშიკეზერაშვილის ბიზნესს კურირებდა. ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალექსანდრე ნინუა გიგა ბოკერიას ნათესავია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები