ჯემალ კასრაძის ,,ჩიტებით სავსე ყუთი“ და ფოტოგამოფენა,- ,,საქართველო 80-90-იან წლებში“

   თბილისის ისტორიულ მუზეუმში – “ქარვასლაში“ ფოტოხელოვან ჯემალ კასრაძის გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე 1978 წლიდან 1998 წლამდე გადაღებული ფოტოები იყო წარმოდგენილი. გამოფენა: ,,საქართველო 80-90-იან წლებში“ ყველა თაობის მნახველისთვის წარსულში მოგზაურობა იყო: აქ ჩვენი უახლესი ისტორიის და ცხოვრების კადრები გამოიფინა: პოლიტიკური ბატალიები და სპორტული შეჯიბრებები, ყველაფერი,- რაც ასე გვაღელვებდა და გვახარებდა: თბილისელების შეხვედრები, თბილისის “დინამოს“ გამარჯვება, დამოუკიდებლობის აღიარება… შემდეგ 90-იანი წლები: აფხაზეთის და სამოქალაქო ომები, უშუქობა, საყოველთაო დეპრესია… ხელოვანი ყოველივე ამის მიღმაც ახერხებს და პოულობს ნათელ მომენტებს, რაც კიდევ ერთხელ შეგახსენებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრება მაინც გრძელდება, ის ერთადერთია და ამიტომ სანამ ცოცხლები ვართ,- უნდა ვიცოცხლოთ.
“ჩემი ამბავი, ისევე როგორც ყველა ჩვენგანის ცხოვრება, სამოქალაქო ომით დაიწყო,“ ცხრათვიანი კარცერით, რასაც 1945 წლის ნინოობას ამნისტია და თოფის ვერტიკალურად გასროლა მოჰყვა. ასეთია ჯემალ კასრაძის წიგნის ,,ჩიტებით სავსე ყუთის“ შესავალი. ხელოვანისეული განსაკუთრებული ხედვა და იუმორი ყველა კადრში ჩანს: ლენინის ძეგლის დემონტაჟის შემდეგ შემორჩენილი ბელადის ფეხები, ცარიელი ხორცის მაღაზიის წინ “მოლოდინე“ ქუჩის მაწანწალა ძაღლები, სპორტის სასახლის წინ ადამიანებით “დახუნძლული“ ტროლეიბუსი, 1994 წელს თბილისში ჩატარებული სილამაზის კონკურსის უჩვეულო კადრი.
მის ფოტოებში არაოფიციალურ გარემოში ,,გამოჭერილი“ ქართველი პოლიტიკოსები და უკვე ნაცნობი ადგილების სრულიად უცნობი რაკურსებია, ყველაფერი ის, რაც შესაძლოა, უბრალო მხილველმა ვერც კი შეამჩნიოს. გამოფენას ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა, მათ შორის სხვადასხვა პროფესიის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იყვნენ. ფოტოხელოვანი იური მეჩითოვი: – ეს ადამიანი არის თავისი საქმის დიდოსტატი. დააკვირდით მის ფოტოებს,- ის ჩვენი ცოცხალი მემატიანეა, თან როგორი გამორჩეული ხედვა, კადრის დანახვის იშვიათი ნიჭი აქვს.
ახლა მინდა ერთი ჩანაფიქრი გაგანდოთ: ჯერ არსად მითქვამს ამის შესახებ: მსურს, რომ მასთან ერთად ჩემი ნამუშევრების გამოფენაც მოვაწყო. ვფიქრობ, მნახველისთვის ეს საინტერესო იქნება.
თავად საღამოს გმირი, ისევ კამერით ხელში იყო და ფოტოებს ახლა უკვე საკუთარ ფოტოგამოფენაზე მისულ სტუმრებს უღებდა. ჩვენს თხოვნაზე კომენტარი მოეცა, ღიმილით გვითხრა: დამიჯერეთ, ჩემი ფოტოები კომენტარზე მეტს გეტყვიანო და ასეც აღმოჩნდა…
შეგახსენებთ, ჯემალ კასრაძის ფოტოდებიუტი 1971 წელს გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” შედგა, შემდეგ სპორტულ გაზეთებში – “ლელო” და “მართვე” მუშაობდა და სხვადასხვა რედაქციასთან: “დილის გაზეთი”, “კაბადონი”, “დრონი”, “საქართველოს რესპუბლიკა“ თანამშრომლობდა.
1 მაისს ქართული ფოტოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯემალ კასრაძეს, როგორც კულტურის სამინისტროს რჩეულს, ალექსანდრე როინაშვილის პრიზი და პრემია გადაეცა…

967499_742745485756616_1399554421_n

10335834_742745372423294_752181245_n

10344924_742745509089947_143827965_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები