ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მისაღები გამოცდებისთვის ემზადება

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მთელი საქართველოს მასშტაბით მისაღები გამოცდებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს. საინფორმაციო კამპანია იმერეთის შემდეგ, კახეთში, კერძოდ პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ჩატარდა.

ლიცეუმის წარმომადგენლები სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს შეხვდნენ. სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელმა და კადეტებმა პანკისის ხეობის მოსწავლეებს ლიცეუმის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს და მისაღები გამოცდების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ქუთაისის სამხედრო ლიცეუმში ჩარიცხვა საჯარო სკოლების იმ მოსწავლეებს შეეძლებათ, რომლებსაც 9 კლასი დასრულებული აქვთ. ლიცეუმში ჩარიცხვის შემდეგ კადეტები ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად, გაძლიერებული დატვირთვით ფიზიკურ მომზადებას, ისტორიას, სამხედრო საქმეს, ტოპოგრაფიას და ინფორმატიკას შეისწავლიან. ლიცეუმში სწავლა 3 წლიანია. სწავლის დასრულების შემდეგ კადეტები სრული საშუალო განათლების ატესტატს და შესაბამის სამხედრო სერტიფიკატს მიიღებენ.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პანკისის ხეობაში მცხოვრებმა არაერთმა მოსწავლემ, რომელიც მე-9 კლასშია, სწავლის გაგრძელების სურვილი სამხედრო ლიცეუმში უკვე გამოთქვა.

2018 წლის ივნისში მისაღებ გამოცდებზე კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველი სკოლის მოსწავლეები ფიზიკური ნორმატივების და უნარ-ჩვევების გარდა, გამოცდას მათემატიკაშიც ჩააბარებენ.

პანკისის შემდეგ საინფორმაციო შეხვედრები საჯარო სკოლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაიმართება. ლიცეუმში მისაღები გამოცდების ზუსტი თარიღი სასწავლო წლის დასრულების შემდეგ განისაზღვრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები