ლევან იზორიამ ვერის ბაღში იუნკერ შალვა ერისთავის საფლავს პატივი მიაგო

25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული იუნკერის, შალვა ერისთავის საფლავი ვერის ბაღში გვირგვინით შეამკო. შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავითმა კი გმირის საფლავზე   მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 1921 წლის 18-24 თებერვალს, შალვა ერისთავი, სამხედრო სკოლის კურსანტებთან ერთად, თბილისის დაცვისთვის იბრძოდა.
შალვა ერისთავმა, რომელიც სამხედრო სკოლაში სწავლის დაწყებამდე, თბილისში განთქმული ფეხბურთელი და მორბენალი იყო, ტყვიამფრქვევის გაუვნებელყოფა საკუთარ თავზე აიღო. მან ტყვიამფრქვევამდე არსებული მანძილი სწრაფად გადაირბინა, ხიშტით განგმირა მემიზნე და სხეულით გადაეფარა ტყვიამფრქვევს, რითაც თანამებრძოლებს საშუალება მისცა, კონტრშეტევა წარმატებით დაესრულებინათ და N4 სანგარი უკან დაებრუნებინათ.
თავდაცვის მინისტრთან ერთად, შალვა ერისთავის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და მისმა მოადგილეებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები