პროკურორი: არსებობს მტკიცებულებები, რომ ნოშრევან ნამორაძემ დანაშაული სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა

არსებობს მტკიცებულებები, რომ ნოშრევან ნამორაძემ 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა, – ამის შესახებ პროკურორმა დავით ხვედელიძემ ნამორაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებული პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე დღევანდელ პროცესზე ნამორაძისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. მისივე განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი კი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქალაქო სასამართლოში პროცესზე დასასწრებად ნოშრევან ნამორაძისა და დავით კოდუას ახლობლებიც მივიდნენ.
შეგახსენებთ, რომ 3 მაისს თბილისში, ნაშუადღევს აბაშიძის ქუჩაზე ერეკლე კოდუას ძმას, დავით კოდუას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კოდუა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონ „ლედი შარმიდან“ სალონში 4 წლის შვილთან და ძიძასთან ერთად გამოდიოდა, როდესაც თავდამსხმელებმა ის სასტიკად სცემეს. მომხდარიდან რამდენიმე საათში შსს-მ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი – ნოშრევან ნამორაძე დააკავა.1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნამორაძე შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში საკუთარი ნებით გამოცხადდა და განაცხადა, რომ მან დავით კოდუა შურისძიების საფუძველზე სცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები