ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში საახალწლო კონცერტი გამართეს (ვიდეო)

ძველით ახალი წელი ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კონცერტით აღნიშნეს.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ქართული ფოლკლორი – ქართული სიმღერები და ცეკვები გააცნეს.
ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას.
საახალწლო ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. საპატიო სიგელები სხვადასხვა სიტუაციურ სწავლებასა და სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულ ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს გადასცეს.
საზეიმო ცერომონიალს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი – პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე დაესწრო. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე კოალიციური ძალების წარმომადგენელი ამერიკელი, პოლონელი, ჩეხი სამხედროები, ასევე, ქართველი სამოქალაქო პირები.
ღონისძიების დასასრულს, ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა სტუმრებთან ერთად საზეიმო ტორტი გაჭრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები