შსს-ს აკადემიასა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის „განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მოაწერეს.
შსს-ს ცნობით, მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისა და შსს-ს აკადემიის მსმენელების მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას, მათი პროფესიული პოტენციალის რეალიზაციას და უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი მოკლევადიანი პროგრამები, დაიგეგმება და ჩატარდება ერთობლივი ლექცია-სემინარები და კონფერენციები, შემუშავდება ერთობლივი პროექტები, სტუდენტები დაესწრებიან უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ლექცია-სემინარებს, ორმხრივად გაიცვლება ინფორმაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევების შესახებ. მემორანდუმის მონაწილე მხარეები ორივე დაწესებულების სასწავლო და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გამოიყენებენ.
შსს-ს აკადემიასა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის განხორციელდება გაცვლითი პროგრამები და სასწავლო ვიზიტები პროფესორ-მასწავლებელთა, ინსტრუქტორთა, სტუდენტების და აკადემიის მსმენელთა კვალიფიკაციის ამაღლების და გამოცდილების გაზიარების მიზნით. შსს-ს აკადემიის ბაზაზე ასევე ჩატარდება იმიტირებული სასამართლო პროცესები.
მემორანდუმის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია წელს შსს-ს აკადემიაში გაიმართეს. ღონისძიებას უნივერსიტეტის ლექტორებისა და სტუდენტების გარდა აკადემიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=uye86U55yRc” width=”560″ height=”315″]