“თუკი თითოეული პარტია ამ არჩევნებს პასუხისმგებლობით მიუდგება, ინციდენტები თავიდან იქნება არიდებული” (ვიდეო)
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ თუ თითოეული პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს სათანადო პასუხისმგებლობით მიუდგება, ინციდენტები თავიდან იქნება აცილებული და ყველაფერი მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩაივლის.
ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი ვაკის მეორე ოლქის 53-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ხმა იმ კანდიდატს ხმა მისცა, რომელსაც შეუძლია, თბილისის განვითარება სულ სხვა დონეზე აიყვანოს.
„ამ კანდიდატს შეუძლია, ეს ქალაქი ნამდვილად ისეთი გახადოს, როგორიც გვინდა თითოეულ ჩვენგანს. დაახლოებით ვიცით, თითოეული ჩვენგანი რა არჩევანს აკეთებს. მთავარია, თბილისის განვითარება. დღევანდელი არჩევანი თბილისის სიყვარულით გავაკეთეთ და ჩემი არჩევანი ბევრად უკეთეს თბილისსა და თბილისის განვითარებას უზრუნველყოფს. არჩევნების დღემდე ყველაფერი მშვიდ და სამართლიან გარემოში წარიმართა. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღეც ასე ჩაივლის. თუკი თითოეული პარტია ამ არჩევნებს სათანადო პასუხისმგებლობით მიუდგება, ინციდენტები თავიდან იქნება არიდებული და ყველაფერი მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაივლის“, – აღნიშნა კობახიძემ.